ახალი ამბები

პარლამენტმა ცსკ–ს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

3 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 13 კანდიდატიდან, საიდანაც ერთმა საპარლამენტო გახილვების დროს საკუთარი კადიდატურა მოხსნა,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის 6 წევრი აირჩია და ცსკ–ს თავმჯდომარედ გია ქავთარაძე დაამტკიცა 6 წლის ვადით. თუმცა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიებმა “ახალმა მემარჯვენებმა“, “რესპუბლიკელებმა“ და “კონსერვატორებმა“ მხარი არ დაუჭირეს ახალ შემადგენლობას.

გია ქავთარაძე, რომელიც ცსკ–ს თავმჯდომარედ პარლამენტმა 147 ხმით, ერთხმად დაამტკიცა,  საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნობიდან გადადგომის შემდეგ მუშაობდა საკონსულტაციო ფირმაში “დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“, რომლის დამფუძნებელი იყო მოქმედ პრემიერ–მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან კახა დამენიასთან ერთად.


ცსკ–ს წევრები გახდნენ:
1. ფაჟავა ემზარი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთში;
2. ბურჯალიანი ლუხუმი  – საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამეტის მთავარი სპეციალისტი;
3. ჩაგალაშვილი გურამი – ცსკ–ს იურისტი, „მომავლის სახლის“ სოციოლოგი;
4. არეშიძე გიორგი – თსუ პროფესორი;
5. მჭედლიძე გიზო – დროებით უმუშევარი;
6. ღონღაძე ალექსანდრე  – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის  უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

ოპოზიციამ პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ დამტკიცებული კანდიდატები მხოლოდ ერთი პარტიის  – “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლები იქნებიან, რადგან მათი ბიოგრაფიები დაკავშირებულია ან მმართველ პარტიასთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან.


“ახალი შემადგენლობა პირდაპირ შეასრულებს მათი დამნიშნავის მითითებებს არჩევნებზე“, განაცხადა “კონსერვატორმა“ ზვიად ძიძიგურმა.
  
თუმცა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ  “ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების გაყალბებას და ამიტომაც უჭერს მხარს პროფესიულ ცსკ–ს, რომელიც პარტიებს შორის პოლიტიკური ვაჭრობის ადგილი არ გახდება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button