ახალი ამბები

ზურაბიშვილი: რუსეთთან ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება

საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით რუს კოლეგასთან მიღწეული შეთანხმებით “რუსეთთან ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება“.


30 მაისს, მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლითაც მოსკოვი იღებს ვალდებულებას ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსული სამხედრო ბაზები 2005-2008 წლების განმავლობაში გაიყვანოს. შეთანხმების დეტალები სალომე ზურაბიშვილმა 31 მაისს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რამდენადაც ბაზების გაყვანის შესახებ დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია, “ამ საკითხზე [რუსეთისა და საქართველოს] პრეზიდენტების ცალკე შეხვედრისა და დოკუმენტის ხელმოწერის საჭიროება აღარ არის“.


თუმცა ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველო–რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით პრეზიდენტ პუტინის თბილისში ვიზიტი დაიგეგმოს.


მინისტრმა უარყო ინფორმაცია ბათუმის სამხედრო ბაზის ანტიტერორიტულ ცენტრად გადაკეთების შესახებ. “ეს იქნება არა ახალი ფორმის ბაზა, არამედ ერთობლივი ცენტრი და ყველა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღება“, განაცხადა ზურაბიშვილმა.


“[ანტიტერორისტულ ცენტრებზე თანხმობა] ეს არ იყო დათმობა ჩვენი მხრიდან… ანტიტერორიტული ცენტრების არსებობა ჩვენს ინტერესებში შედის“, განაცხადა მინისტრმა. 


მისი თქმით, გუდაუთის ბაზის ინსპექტირებით, რომლის განხორციელებაც  ასევე შეთანხმებით არის გათვალისწინებული, საბოლოოდ გაირკვევა დახურულია თუ არა აფხაზეთში განთავსებული ეს ბაზა. მოსკოვის მტკიცებით, გუდაუთის ბაზა 2001 წელს დაიხურა, რაზეც თბილისი ეჭვებს გამოთქვამს.


სალომე ზურაბიშვილმა 31 მაისს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსული ბაზების გაყვანის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსდება უცხო ქვეყნის ჯარები. “ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის“, აღნიშნა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button