ახალი ამბები

ბუში: საქართველოს წარმატების ნება გააჩნია

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 18 მაისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში. მან აქვე დასძინა, რომ ქართველებს “აქვთ იმის ნება, რომ წარმატებას მიაღწიონ“.


პრეზიდენტმა ბუშმა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლების საპატივსაცემო სადილზე ისაუბრა. ეს ორგანიზაცია დემოკრატიის განვითარების მიზნით სატრენინგო პროგრამებს და არჩევნებზე მონიტორინგს 60–ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.


აშშ–ის პრეზიდენტმა 9–10 მაისს საქართველოში ვიზიტის შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა. “ფანტასტიური პატივი იყო წარმედგინა ჩვენი ქვეყანა ათასობით ადამიანის წინაშე და გვერდიგვერდ მდგარიყავი თავისუფლების ნამდვილ მოყვარულთან, პრეზიდენტ სააკაშვილთან“, განაცხადა ბუშმა.


“ამ ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებს თითქმის 15 წელი დასჭირდათ, რათა თავისუფლება და სამართლიანობა დაემყარებინათ თავიანთ ქვეყანაში. მე დავინახე საქართველოს ლიდერების სიმტკიცე და ქართველი ხალხის სულისკვეთება. და გარწმუნებთ: მათ აქვთ ნება წარმატებას მიაღწიონ და ამერიკის შეერთებული შტატები ამაში დაეხმარება მათ“, დასძინა მან.


პრეზიდენტმა ბუშმა არ გააკეთა კომენტარი აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიუროს და ქართველი სამართალდამცავების განცხადებაზე, რომლის თანახმადაც თავისუფლების მოედანზე 10 მაისს ტრიბუნიდან 30 მეტრში ნაპოვნი ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედების იყო.


“თეთრი სახლის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა განაცხადა, რომ “პრეზიდენტს სურს გამოძიების შედეგების ნახვა“.


“მიმდინარეობს საქმის გამოძიება … მათ [გფბ და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა] მართლაც გააკეთეს განცხადება ამ ეტაპზე არსებული შედეგების თაობაზე, მაგრამ ვფიქრობ, უნდა ვაცადოთ გამოძიებას იმუშავოს, რათა მოიძიოს და შეაგროვოს ყველა ფაქტი. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა უფრო მეტი რამ ვთქვათ“, განაცხადა “თეთრი სახლის“ წარმომადგენელმა 18 მაისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


საქართველოში აშშ–ის საელჩოს იურიდიულმა ატაშემ, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს გფბ–ის თბილისის ოფისს, თბილისში 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიღაცამ პრეზიდენტი ბუშის სიტყვით გამოსვლისას ხალხში საბრძოლო მოქმედების ხელყუმბარა ისროლა, რომელმაც არ იმუშავა კაფსულ–დეტონატორში რბილი დარტყმის გამო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button