ახალი ამბები

ცხინვალი ნეტკაჩოვის სამხრეთ ოსეთში ყოფნას უარყოფს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს–სამსახური უარყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ცხინვალში ყოფილი რუსი გენერალ–მაიორი იური ნეტკაჩოვი გამოჩნდა და ამ ფაქტს “მორიგ ანტიოსურ“ გამოვლინებად აფასებს.


საქართველოს ხელისუფლება ნეტკაჩოვს, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში რუსულ ჯარებს მეთაურობდა მოლდოვაში, თბილისსა და აჭარის ყოფილ რეჟიმს შორის არსებული დაპირისპირებისას აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის შეიარაღებული დაჯგუფების გაწვრთნაში ამხელდა. თბილისმა ასევე დაადანაშაულა ნეტკაჩოვი გასული წლის მაისში აჭარის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ორი ხიდის აფეთქების ორგანიზებაში.


“ქართული მხარე განაგრძობს ყალბი პოპულიზმით საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმირებას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასევე სამხრეთ ოსეთთან მისი ურთიერთობების შესახებ“, იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 18 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.


“ბოლო პერიოდში ევროპული სამიტების მაღალი ტრიბუნები ხშირად გამოიყენება მსგავსი მიუღებელი, ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური მიზნებისთვის“, ნათქვამია განცხადებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button