skip to content
ახალი ამბები

ვალერი ლოშჩინინი ბაზებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა 14 მაისს რუსულ რადიოსადგურ “მაიაკ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “ულტიმატუმი – არ არის ის ენა, რომლითაც შეიძლება რუსეთთან ლაპარაკი“, იტყობინება რუსული მედია.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს პარლამენტის დადგენილებას გულისხმობდა, რომელიც ავალებს საქართველოს მთავრობას გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს რუსულ სამხედრო ბაზებს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ პროგრესს ბათუმიდან და ახალქალაქიდან ბაზების გაყვანის თაობაზე.


“ულტიმატუმი კონტრპროდუქტიული საქმეა. არ ვაპირებთ საქართველოზე მიწეპებას ან იქ დარჩენას“, განაცხადა ლოშჩინინმა.


მან აღნიშნა, რომ რუსეთის სათათბირომაც მიიღო დადგენილება ქართველი კანონმდებლების დადგენილების საპასუხოდ, რომელშიც რეკომენდაციას აძლევს რუსეთის მთავრობას საპასუხო ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში განლაგებულ რუსულ ბაზებს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ.


“რუსულ მხარესაც შეუძლია საკმაოდ მკაცრი ზომების მიღება“, აღნიშნა ლოშჩინინმა.


მან მიანიშნა იმ ფაქტზე, რომ  ამჟამად რუსეთში უამრავი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც მილიონობით დოლარს უგზავნიან თავიანთ ოჯახებს საქართველოში, რაც “მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს ეკონომიკისადმი“.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button