
ხაინდრავა: კარგი იდეა იყო ბაღაფშისა და კოკოითის ბუშის ვიზიტის დროს თბილისში ჩამოსვლა
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 9 მაისს “რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს 9-10 მაისს აშშ-ს პრეზიდენტის თბილისში ვიზიტისას ერთობლივი შეხვედრა შესთავაზა, “თუმცა გადამწყვეტი პოზიცია აქ რუსეთს უკავია“.
“კარგი იდეა იყო შემდგარიყო [ჯორჯ] ბუშთან ეს შეხვედრა, როგორც ჩანს, გადამწყვეტი პოზიცია აქ რუსეთს უკავია და მათი [დე ფაქტო ლიდერების] დამოუკიდებელი მოქმედებების არეალი საკმაოდ შეზღუდულია“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, დღეს არაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები თბილისის ნაცვლად მოსკოვს სტუმრობენ.
“სამივე არაღიარებული რესპუბლიკის [სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი] ხელმძღვანელი დღეს მოსკოვში იმყოფება“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი დადებითად იმოქმედებს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე. “იქნება გარკვეული ზეწოლა რუსეთზე საქართველოს საკითხის სამართლიანად გადასაწყვეტად“, დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.