ახალი ამბები

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ბუშის ვიზიტის დეტალებზე საუბრობს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლიმ 4 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვიზიტის დროს მხარს დაუჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მან ბუშის საქართველოში ვიზიტის ზოგიერთ დეტალზეც გაამახვილა ყურადღება.


“ორშაბათს [9 მაისს] დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი და მისი მეუღლე [მოსკოვიდან] თბილისში გაემგზავრებიან. ჩამოსვლისთანავე ისინი ძველ თბილისს ეწვევიან. სამშაბათს, 10 მაისს, პრეზიდენტი და მისი მეუღლე მონაწილეობას მიიღებენ ვიზიტის ოფიციალურ ცერემონიაში. მოგვიანებით, პრეზიდენტი ბუში შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, რაც ერთობლივი ბრიფინგით დასრულდება. ბრიფინგის შემდეგ პრეზიდენტი შეხვდება საზოგადო მოღვაწეებს და შემდეგ შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ბურჯანაძეს. მოგვიანებით, პრეზიდენტი ბუში თავისუფლების მოედნიდან ქართველ ხალხს მიმართავს. სამშაბათს საღამოს პრეზიდენტი და მისი მეუღლე თბილისიდან ვაშინგტონში გაემგზავრებიან“, განაცხადა სტივენ ჰედლიმ.


ჯორჯ ბუში 6-10 მაისს დაგეგმილ ევროპულ ტურნეს საქართველოში ვიზიტით დაასრულებს. ევროპული ტურნეს ფარგლებში ბუში ასევე ეწვევა ლატვიას, ნიდერლანდებს და რუსეთს.


საქართველოში ბუში პატივს მიაგებს “ვარდების რევოლუციას“, როგორც “შემობრუნების ეტაპს ისტორიასა და თავისუფლებაში“, განაცხადა ჰედლიმ.


“პრეზიდენტი პატივს მიაგებს ამ მიღწევას და მიესალმება საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული გზის არჩევისთვის და არაძალისმიერი გზით თავიანთი თავისუფლების დაცვისთვის“, დასძინა მან.


ჰედლის თქმით, ბუში კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ საქართველომ ქვეყანაში არსებული სეპარატისტული კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვაროს.


The Washington Post–ი 5 მაისს იუწყება, რომ პრეზიდენტი ბუში გააფრთხილებს თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს, რომ “არ გადადგას პროვოკაციული ნაბიჯები მოსკოვზე ორიენტირებულ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონთან მიმართებაში”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button