skip to content
ახალი ამბები

ავსტრიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ავსტრიაში ვიზიტის დროს 11 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა თავის კოლეგასთან ურსულა პლასნიკთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებისა და საქართველოს ევროსტრუქტურებში  მისწრაფების საკითხები, იუწყება ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე. “ეს შეთანხმება ახალ იმპულსს მისცემს ჩვენ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული“, განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ურსულა პლასნიკის განცხადებით, ავსტრია და ევროკავშირი მზად არიან დაეხმარონ საქართველოს დემოკრატიული და საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების საქმეში.


მისი თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებით, ჩვენ კონკრეტული თანამშრომლობის ახალ ფაზაში შევდივართ“, დასძინა ურსულა პლასნიკმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button