ახალი ამბები

ზურაბიშვილი ეუთოსთან ურთიერთობებში საქართველოს პრიორიტეტებზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 1 აპრილს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დიმიტრი რუპელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ამჟამად საქართველოსა და ეუთოს ურთიერთობების დღის წესრიგში დგას.


“თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი [რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს დამკვირვებელთა მისიის] მონიტორინგის აღდგენაა, თუ როგორ და რა ფორმით შეიძლება აღდგეს იგი. ეს საკითხი კვლავ განიხილება ეუთოში. მომავალ კვირას ეუთო მიიღებს გადაწყვეტილებას [ქართველ მესაზღვრეთა] მომზადების მისიის თაობაზე [ეუთოს ეგიდით]“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, საქართველო საზღვართან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკავშირთანაც მართავს მოლაპარაკებებს. მას შემდეგ, რაც ეუთომ რუსეთის მიერ ვეტოს დადების გამო საზღვრის მონიტორინგის მისია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შეწყვიტა, საქართველომ თხოვნით ევროკავშირს მიმართა, რათა ჩაენაცვლებინა ეუთოს დამკვირვებლები.


“მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სამხრეთ ოსეთი და ეუთოს როლი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის საკითხი იქ [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში] კვლავ დღის წესრიგში დგას“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


“მესამე საკითხია [ეუთოს] ადამიანთა უფლებების დაცვის ოფისის გახსნა გალში … ჩვენთვის [ქართული მხარისთვის] ძალიან მნიშვნელოვანია გალში და საერთოდ აფხაზეთში დადგეს პირველ პლანზე ადამიანის უფლებების დაცვა, რადგან ეს არის გადამწყვეტი იმ დევნილების დასაბრუნებლად, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიის გარეშე იმ პირობებში ვერ დაბრუნდებიან”, განაცხადა ზურაბიშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button