ნაზარბაევი: ყაზახეთი დაინტერესებულია ბაქო-სუფსის ნავთობსადენით
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაინტერებულია მონაწილეობა მიიღოს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის და სუფსის ტერმინალის პრივატიზებაში.
“როგორც კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ექსპლუატაციაში შევა, მისი საშუალებით მოხდება აზერბაიჯანის ნავთობის ტრანსპორტირება, რის შედეგადაც გამოთავისუფლდება ბაქო-სუფსის ინფრასტრუქტურა. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ამ ნავთობსადენით, ისევე როგორც სუფსის ტერმინალით“, განაცხადა ნაზარბაევმა.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე ვიზიტი ყაზახეთში მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. საქართველოს სურს ყაზახური ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებაში სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს. სანაცვლოდ, ყაზახეთის პრეზიდენტი გამოხატავს მისი ქვეყნის დაინტერესებას საქართველოს ნავთობსადენითა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)