ახალი ამბები

თბილისი მოსკოვის პასუხს ელის ანტიტერორისტულ ცენტრთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 17 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისმა უკვე გაუგზავნა მოსკოვს წინადადებები, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზების ერთობლივი, რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრით ჩანაცვლებას ითვალისწინებს; თუმცა, დღემდე მოსკოვს პასუხი არ გაუცია.


“ოფიციალურ პასუხს ვერ ვღებულობთ, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში. მუდმივად გვეუბნებიან, რომ განხილვის პროცესშია და მალე იქნება [რუსული მხარის]პოზიცია”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


გასული წლის ივნისში საქართველომ შესთავაზა რუსეთს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ.


ზურაბიშვილის განცხადებით, რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან “მუქარის ტონით” გაკეთებული განცხადებები ჭარბობს ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ კონკრეტულ წინადადებებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მხედველობაში ჰქონდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადება, როდესაც მან განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის პრევენციული დარტყმები მიაყენოს საზღვარგარეთ არსებულ ტერორისტულ ბაზებს.


“მუქარები და განცხადებები კეთდება [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] ლავროვის ვიზიტამდე. არ ვიცი, შესაძლოა რაღაც ძალები დაინტერესებულები არიან იმაში, რომ ჩაიშალოს ეს ვიზიტი”, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button