ახალი ამბები

ქართულ -ოსური კავშირი მხარეებს დესტაბილიზაციის თავიდან აცილებისაკენ მოუწოდებს

ქართულ-ოსური კავშირი “იბერ-ირონი”, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთ-ერთ კონცეფციის ავტორია, ქართულ და ოსურ მხარეებს ბოლო დღეებში მძევლებად აყვანის ფაქტების აღკვეთისაკენ მოუწოდებს, “წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირების ესკალაცია უკუქცევადი გახდება”.


“მიუხედავად გასული წლის ზაფხულის მწარე გამოცდილებისა, როდესაც დაპირისპირებას ქართული და  ოსური მხრიდან ათეულობით ადამიანის მსხვერპლი და საზოგადოებებს შორის ურთიერთნდობის ხარისხის მკვეთრი დაცემა მოჰყვა, კვლავ შეინიშნება იმ ძალების აქტიურობა, რომელთა ქმედებებიც ხელს უწყობენ შეიარაღებული დაპირისპირების განახლებას”, ნათქვამია “იბერ-ირონის” მიმართვაში.


ქართულ-ოსური კავშირი მოუწოდებს მხარეებს ძირითადი აქცენტი მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგზე გადაიტანონ.


“იბერ-ირიონი” ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანია, რომელიც გამოეხმაურა პრეზიდენტ სააკაშვილის  ინიციატივას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი დარგულირების მიზნით წინადადებების მომზადების შესახებ და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე სისტემაში მოიყვანა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში ოსური კონფლიქტის სამართლებრივ-პოლიტიკური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტის ძირითად პრინციპები.


“სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის კონცეფციის” პრეზენტაცია, რომელიც იანვრის დასაწყისში უკვე გადაეცა ეროვნული უშიშროების საბჭოს, დაგეგმილია 27 იანვარს, რომელშიც ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. 


 

მსგავსი/Related

Back to top button