აფხაზური კრიზისის ქრონოლოგია
2004
3 ოქტომბერი – აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად რეგიონს ახალი ლიდერი უნდა ჰყოლოდა, თუმცა პრეზიდენტობის ორ მთავარ კანდიდატს – ოპოზიციის ლიდერ სერგეი ბაღაფშს და სახელისუფლებო კანდიდატ რაულ ხაჯიმბას შორის გამწვავებული დავის გამო, აფხაზეთში ორთვიანი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რომელმაც რეგიონი სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა.
https://civil.ge/geo/article.php?id=7751
6 ოქტომბერი – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ) დათანხმდა ბათილად ცნოს გალის რაიონის სამივე საარჩევნო უბნის შედეგები. განმეორებითი არჩევნები 17 ოქტომბერს ჩატარდება.
ამგვარად, ცსკ-მ მიიღო ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის წინადადება. ბაღაფშის განცხადებით, გალში დარღვევებს არ ჰქონია ადგილი, თუმცა კომპრომისის სახით მან განმეორებითი არჩევნების ჩატარება შესთავაზა კომისიას. გალის რაიონი ძირითადად იმ ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, რომლებიც 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ სპონტანურად დაბრუნდნენ რეგიონში.
იმავე დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გალის რაიონში განმეორებითი არჩევნების შესახებ ცსკ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
https://civil.ge/geo/article.php?id=7786
6 ოქტომბერი – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ნოდარ ხაშბა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. მანამდე ხაშბა რუსეთის საგანგებო სიტუაციების საინვესტიციო დეპარტმანეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
11 ოქტომბერი – აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის უმრავლესობამ ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს, რომლის მიხედვითაც 3 ოქტომბრის საკამათო საპრეზდენტო არჩევნები ოპოზიციის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა მოიგო. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შეიტანა კრიზისში, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ ცსკ-ს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. https://207.218.249.154/geo/article.php?id=7823
11 ოქტომბერი – აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ მოსახლეობას მიმართა და ცსკ-ს გადაწყვეტილებას სერგეი ბაღაფშის გამარჯვებულად ცნობის შესახებ “აბსურდული“ უწოდა. მან ამ გადაწყვეტილებას
“მცოცავი ამბოხება“ უწოდა. https://civil.ge/geo/article.php?id=7842
13 ოქტომბერი – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას პირველი კომენტარები გააკეთა აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან დაგმო 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა იქვე დასძინა, რომ აფხაზეთში "ანტიქართულ ძალებს“ არჩევნების საკუთარი სცენარით ჩატარება არ გამოუვიდათ.
https://civil.ge/geo/article.php?id=7850
22 ოქტომბერი – აფხაზეთის ოპოზიციამ უარი განაცხადა მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი მხარს დაუჭერდა ოპოზიციის კანდიდატს, არჩეულ პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს, თუ ეს უკანასკნელი ნოდარ ხაშბას თვითგამოცხადებული რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშნავდა.
26 ოქტომბერი – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემული ხმების გადათვლის შესახებ.
28 ოქტომბერი – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რაულ ხაჯიმბას მომხრეთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით, მოსამართლე გიორგი აკაბამ შეცვალა განაჩენი და განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, 29 ოქტომბერს, მან აღიარა, რომ სასამართლოზე ზეწოლა მოხდა ხაჯიმბას მხარდამჭერების მიერ და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს. https://civil.ge/geo/article.php?id=7997
1 ნოემბერი – თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი სახელისუფლებო რაულ ხაჯინბა და ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც მათ კომპრომისს ვერ მიაღწიეს. https://civil.ge/geo/article.php?id=8037
12 ნოემბერი – თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მომხრეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ და პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის სახლი შტურმით აიღეს. https://civil.ge/geo/article.php?id=8109
15 ნოემბერი – საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი მოსკოვის ბრძანებით ჩაიკეტა.
23 ნოემბერი – აფხაზეთის უხუცესთა საბჭომ 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფში აღიარა.
24 ნოემბერი – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ განაცხადა, რომ სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემთხვევაშიც კი არ აპირებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას. https://civil.ge/geo/article.php?id=8197
26 ნოემბერი – აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა სპეციალური დადგენილება მიიღო, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერი სერგეი ბაღაფში აღიარა.
30 ნოემბერი – აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების შესასწავლად სოხუმში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ჩეკალინის ხელმძღვანელობით ჩავიდა. დელეგაციაში იმყოფებოდა ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვი. https://civil.gegeo/article.php?id=8231
1 დეკემბერი – რუსეთმა აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი შეაჩერა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ძირითადად მანდარინისა და ფორთოხლის, ექსპორტი თვითგამოცხადებული აფხაზეთის ეკონომიკის მთავარ საყრდენს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
2 დეკემბერი – რუსეთმა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის შეჩერება და რკინიგზის ჩაკეტვა მიზნად ისახავდა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატზე სერგეი ბაღაფშზე ზეწოლას, რომელიც 6 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვას გეგმავდა. თუმცა, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი რუსეთის ზეწოლას გაუძლებდა. https://civil.ge/geo/article.php?id=8245
3 დეკემბერი – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგი აწარმოოს სერგეი ბაღაფშთან, რომელსაც სააკაშვილი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტად აღიარებს. https://civil.ge/geo/article.php?id=8261
5 დეკემბერი – სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია აღარ შედგება, რადგანაც მან მიაღწია შეთანხმებას თავის ოპონენტთან რაულ ხაჯიმბასთან განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე, რომელშიც ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად. https://civil.ge/geo/article.php?id=8279
6 დეკემბერი – ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და მისმა ყოფილმა მეტოქემ რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ძალაუფლების გაყოფის შესახებ. https://civil.ge/geo/article.php?id=8276
26 დეკემბერი – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერგეი ბაღაფში და იაკუბ ლაკობა 12 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირა. https://civil.ge/geo/article.php?id=8470