skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი მუხროვანის ინციდენტის შესახებ

ინტერვიუ სოზარ სუბართან


სახალხო დამცველის ოფისის პოზიცია მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან შინაგანი ჯარის დაახლოებით 60 ჯარისკაცის გამოქცევის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებიც სოციალური პირობებს უჩიოდნენ, საზოგადოებაში არაერთგვაროვნად იქნა აღქმული.


იყო კრიტიკაც, რომ სახალხო დამცველის ოფისმა და პირადად ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა “არაადექვატურად“ შეაფასა მომხდარი და არასაკმარისი ყურადღება გამოიჩინა იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი უფლებები ირღვევა.


“სივილ ჯორჯია“ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ესაუბრა, რომელიც ამ თანამდებობაზე პარლამენტმა სექტემბერში დაამტკიცა. მისი განცხადებით სამხედრო ნაწილში სამხედროების უფლებათა დარღვევას მართლაც ჰქონდა ადგილი, რისთვისაც ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.


სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა, ზოგადად სამართალდამცავ ორგანოებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. სოზარ სუბარის განცხადებით, “დარღვევის ფაქტს ადგილი აქვს, თუმცა ეს მასშტაბურ ხასიათს არ ატარებს”.


რა მოხდა მუხროვანის სამხედრო ნაწილში და რა იყო ჯარისკაცების ძირითადი მოთხოვნა?


სახალხო დამცველის ოფისის სამი თანამშრომელი მივავლინეთ ჯარისკაცებთან მერვე პოლკში, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ეცნობიან იმ პირობებს, რის გამოც ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილი დატოვეს.


მოთხოვნები რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს –  მაგალითად ჯარისკაცები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საკუთარ სახლებთან ახლოს არ მსახურობენ, ასევე იმის გამოც, რომ შვებულებაში არ გაუშვეს. ჯარისკაცებისვე თქმით, ფიცის მიღების დროს ხელი მოაწერეს 12 თვიან სამსახურზე, რაც  მოგვიანებით 18 თვით შეიცვალა.


შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ არიან გათვითცნობიერებულები თავიანთ უფლებებში და ვინც ამით ისარგებლა, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. უნდა დადგეს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი.


არის უფრო სერიოზული პრეტენზიებიც. მაგალითად, მედიკამენტების ნაკლებობა, ჯარისკაცები უჩივიან უწყლობას, ასევე არსებობს კვების პრობლემა. სამხედროების თქმით, ხორცს მხოლოდ მაშინ აჭმევდნენ, როდესაც ნაწილში ხელისუფლებიდან ან ხელმძღვანელობიდან ვინმე მიდიოდა მათ სანახავად.


ჯარისკაცები ჩივიან ასევე, რომ მეთაურებს საკუთარი ოჯახების შეშით უზრუნველყოფის მიზნით ისინი ტყეში შეშის საჭრელად დაჰყავდათ, მაშინ როცა სამხედრო ნაწილში გათბობა არ იყო.


ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ მუხროვანის ინციდენტის მონაწილე ჯარისკაცებზე [გამოძიების მხრიდან] ზეწოლას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, მათ მოსთხოვეს იმ ადამიანის ვინაობის დასახელება, ვინც იყო წამქეზებელი.


ჩვენ ასევე ვცდილობთ გავერკვეთ, მეთაურების მხრიდან რიგითებზე ზეწოლის ფაქტებს თუ აქვს ადგილი. იყო ასეთი მაგალითი, რომ ზემდეგმა გაარტყა ხელი ვინმე რიგით ბოტკოველს იმიტომ, რომ სხვას ათხოვა თავისი ფეხსაცმელი, ერთხელ კი იმის გამო, რომ მწყობრში ფეხი აერია. 


უნდა აღინიშნოს, რომ მუხროვანიდან გამოქცევისთანავე ჯარისკაცებს მერვე პოლკში წასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა ვიღაცამ ურჩია, რომ წასულიყვნენ  კანცელარიისკენ ან ომბუდსმენის ოფისში. ამ პიროვნების ვინაობა არ ვიცი და რომც ვიცოდე, ვერ გიპასუხებთ. გამოძიება ყველაფერს დაადგენს.


ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა მომხდარს პროვოკაცია და “მესამე ძალის” მიერ ინსპირირებული უწოდა.


პირადად მე არა მგონია, რომ უცხო ქვეყნის დაზვერვა იყოს გარეული ამ საქმეში, ეს ყველა ზღვარს სცილდება.  თუმცა ამას ყველაფერს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
 
სახალხო დამცველის ოფისის პოზიცია მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვნად იქნა აღქმული. იყო კრიტიკაც, რომ თქვენ “არაადექვატურად“ შეაფასეთ მომხდარი და არასაკმარისი ყურადღება გამოიჩინეთ იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი უფლებები ირღვევა.
 
ჩვენი პოზიცია იყო ცალსახა და იგივე რჩება, რაც თავდაპირველად გაცხადდა. სამხედრო ნაწილის დატოვება და მანიფესტაციის მოწყობა არ არის ის გზა, რომლითაც სამხედროებმა ან პოლიციელებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები. მათ ყაზარმებში დაბრუნებისაკენ მოვუწოდეთ და დავპირდით, რომ ჩვენი წარმომადგენელი გაჰყვებოდა, ყველა საჩივარს შეისწავლიდა და ბოლომდე დაიცავდა მათ უფლებებს. 


როგორც გაირკვა, ამ ფაქტამდე რამოდენიმე დღით ადრე 40 ჯარისკაცი გაქცეულა იმავე [მუხროვანის] სამხედრო ნაწილიდან. მაგრამ იმის გამო, რომ ფაქტი არ გახმაურებულიყო, ხელმძღვანელობამ დაკმაყოფილა მათი მოთხოვნები და სხვა ნაწილებში გაანაწილა ჯარისკაცები. არა როგორც სახალხო დამცველს, არამედ როგორც მოქალაქეს, მე პირადად მიმაჩნია, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს.


თუ იმ სამხედრო ნაწილში მართლაც გაუსაძლისი პირობებია, მაშინ ის უნდა დაიხუროს; თუ ამ პირობებს ქმნის ხელმძღვანელობა, ის მკაცრად უნდა დაისაჯოს; მაგრამ ვიღაცა გაიპარება და მას მოთხოვნას დაუკმაყოფილებ, ხოლო სხვას  იგივე პირობებში ამყოფებ, ეს ნიშნავს, რომ ასეთი არათანაბარი მიდგომების გამო, ჯარში არასდროს არ დამყარდება წესრიგი. ჩემი აზრით, თუ გასაძლისი პირობებია ეს ჯარისკაცები იქ უნდა დააბრუნონ, სადაც მსახურობდნენ.


თუ შესაფერისი პირობები არ არის, მაშინ ის ხელმძღვანელები, რომლებიც ჯარისკაცებს ამ პირობებში ამყოფებდნენ უნდა დაისაჯონ. უნდა დაისაჯონ ის პირებიც, ვინც დაუშვა იმ ორმოცი ჯარისჯაცის გაქცევა და შემდგომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.


კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ამ კონკრეტული ინციდენტის მიმართ ადექვატური პოზიცია დავიკავეთ. ჯარისკაცების უფლებების დაცვა არ გულისხმობს იმას, რომ სამხედრო სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ან სახლთან ახლოს იმსახურონ და ღამე სახლში ეძინოთ. ვისაც თავის რაიონში სამსახური მოუნდება იმდენი გაიფიცოს, არა მგონია, რომ ეს სწორი ფორმა იყოს. ასეთმა თვითნებურმა ნაბიჯებმა ჯარის გაუქმებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.


ზოგან ნამდვილად არის ცუდი პირობები, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს პირობები ადგილზე გამოვასწოროთ.


ერთ თვეში არ შენდება ჯარი, რომელიც 15 წლის განმავლობაში ინგრეოდა. თუ ჯარის აშენება მცირე დროში გვინდა, მაშინ უნდა უარი უნდა ვთქვათ პენსიების და ხელფასების გაცემაზე და ეს თანხები მხოლოდ ჯარს მოვახმაროთ.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ყველა, ვინც გაიქცა, ციხეში უნდა წავიდეს”. უნდა დაისაჯონ თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯარისკაცები?


დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ამ შემთხვევაში ჯარისკაცები ვერ დაისჯებიან. მათი დანაშაული სისხლის სამართლებლივ ჩარჩოში არ ჯდება. თუ ლაპარაკია დისციპლინის გადაცდომაზე, ამაზე არსებობს სპეციფიური სასჯელი – საყვედური ან გაფრთხილება. დასჯით ალბათ ვიღაცა აუცილებლად დაისჯება, ალბათ ის უფროსობა, რომელთა ბრალიც გამოიკვეთება. ის, რომ ჯარისკაცებს ახალი ტანისამოსი ჯერ დაურიგეს და შემდეგ წაართვეს, ეს მარტივად შეიძლება ქურდობად შეფასდეს. 
 
მე ვაპირებ შევხვდე ამ ჯარისკაცებს. რომელ ნაწილში დააბრუნებენ, არ ვიცით და ვერც ჩავერევით, მაგრამ სადაც არ უნდა გადაიყვანონ, ვეცდებით, რომ მათი უფლებები ყველგან იყოს დაცული.


ის, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მკაცრად დასჯის მათ, ვისაც ჯარისკაცების უფლებების დარღვევაში წვლილი მიუძღვით, ეჭვიც არ მეპარება.


მუხროვანის ინციდენტმა გააჩინა მოსაზრება, რომ სახალხო დამცველის ოფისი ხელისუფლების გავლენის ქვეშ არის?


ომბუდსმენის ოფისისთვის ორი საფრთხე არსებობს: ერთი ხელისუფლების და მეორეც, საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ მოქცევის. აბსოლუტურ ვაკუმში არავინ არის, არც ერთი გავლენისგან არის ვინმე დაცული და არც მეორის. მე ერთ რამეში შეუვალი ვარ –  ვიყო პრინციპული და ადამიანის უფლებებზე მაღლა არ დავაყენო არაფერი.


როცა საჭირო გახდა მკვეთრი დაპირისპირება, მე არც ამას მოვრიდებივარ. გაგახსენებთ კეხვის ინციდენტს, როცა ქართველმა სამართალდამცავებმა როკის გვირაბის გავლით მომავალი მოქალაქეები ცხინვალის რეგიონში გააჩერეს და არ უშვებდნენ.  მე ამ ადამიანებთან ერთად ვიდექი მანამ,  სანამ ისინი არ გამოუშვეს.  


მუხროვანის ინციდენტის შემთხვევაში, როგორც ჩანს, საზოგადოების ერთმა ნაწილმა ჩემი პოზიცია ვერ გაიგო –  მე ბოლომდე დავიცავ ამ ჯარისკაცების უფლებებს, მაგრამ არ დავიცავ მაგალითად, საკუთარ სახლთან ახლოს სამხედრო სამსახურის შესახებ მათ ინტერესებს.


ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციების მონაცემებით 2004 წელს სამართალდამცველთა მხრიდან დაკავებულთა უფლებების დარღვევის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?


დარღვევებს ადგილი აქვს, მაგრამ ამას მასშტაბური ხასიათი არ აქვს.


ჩვენი ინიციატივით იქმნება [პენიტენციალური სისტემის] მონიტორინგის ჯგუფები. ამაში შედიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. იმედი მაქვს, რომ ეს ჯგუფები, რომლებიც უკვე შეუდგნენ მუშაობას, მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებების დარღვევის ფაქტების შემცირებას.  ამ უახლოესი ერთი კვირის განმავლოაბში ვაპირებთ ყველა რეგიონში სტუმრობას და ვითარების ადგილზე გაცნობას.


მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ექნებათ უფლება შეუფერხებლად შევიდნენ შინაგან საქმეთა ორგანოების ნებისმიერ დაწესებულებაში, განყოფილებებში, წინასწარი დაკავების საკნებში და სხვა ადგილებში.


ასევე, აქვთ ვიდეო-აუდიო აპარატურის შეტანის უფლებაც. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებულ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმში ჩაწერილია, რომ [ვიდეო] გადაღება ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს. მაგრამ, თუ დაკავებული ნაწამებია ეს ფირზე დაფიქსირდება და ნაჩვენებიც იქნება.


ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მონიტორინგის ჯგუფების აქტიურად ამუშავება ადამიანის უფლებებათა დარღვევის ფაქტებს  100%-ით ვერ აღმოფხვრავს. მაგრამ სამართალდამცავებმა უნდა შეიგნონ, რომ ადამიანის უფლებათა შელახვის შემთხვევაში, მათ სასჯელი დაემუქრებათ.

Back to top button