skip to content
ახალი ამბები

შსკ-ს თანათავმჯდომარეები ჟვანიას და კოკოითს მიმართავენ

შერეული საკონტოლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეები, რომლებიც შსკ-ს ფორმატში 22-23 დეკემბერს თბილისში, ხოლო 24 დეკემბერს ცხინვალში შეიკრიბნენ, თხოვნით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს გამოიჩინონ “პოლიტიკური ნება” და უზრუნველყონ მხარეთა კოორდინირებული მუშაობა, რათა აღებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებით ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში  სერიოზული წინსვლა იქნეს მიღწეული.


“აუცილებელია ასევე ძალოვან სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება და ამ მიზნით ერთობლივი საკოორდინაციო ცენტის ფუნქციონირების აღდგენა”, ნათქვამია შსკ-ს თანათავმჯდომარეთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 24 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავაც ფეთქებადსაშიში რჩება. შსკ-ს თანათავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ჟვანიასა და კოკოითს შორის 5 ნოემბერს სოჭში მიღწეული შეთანხმება შეფერხებებით სრულდება. კერძოდ, კონფლიქტის ზონის ეტაპობრივი დემილიტარიზაცია, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა და საინჟინრო ნაგებობების ლიკვიდაცია არ მომხდარა.


პირიქით, “გაიზარდა პოლიციური საგუშაგოების რაოდენობა,  კვლავაც ბარიერები ექმნება ჰუმანიტარული ტვირთების მოძრაობას და წინ არ მიდის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესი, რაც მხარეთა შორის უნდობლობის ატმოსფეროს ქმნის”, ნათქვამია განცხადებაში.


“არადა პოლიტიკური ნების შემთხვევაში შესაძლებელია მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკული რეალიზაცია”, ნათქვამია განცხადებაში. 

Back to top button