ახალი ამბები

ბენდუქიძე მთავრობის სტრუქტურულ რეფორმებს გაუწევს კურირებას

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის რანგში იგი მთლიანი სამთავრობო სტრუქტურების რეფორმირებას გაუწევს კურირებას.


„მე მხოლოდ ეკონომიკურ რეფორმებზე არ ვიქნები პასუხისმგებელი. მე ასევე რეკომენდაციებს გავუწევ და გავაკონტროლებ სტრუქტურულ რეფორმებს სხვა სექტორებშიც, მაგალითად ენერგეტიკის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მე პასუხისმგებელი ვიქნები ენერგომომარაგებაზე, მე რეკომენდაციებს გავცემ იმ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც საჭიროდ ჩავთვლი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში“, – განაცხადა კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია „202“-ის ეთერში 15 დეკემბერს.


კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ივნისში დაინიშნა. მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად ბენდუქიძე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად წარადგინეს. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე კი იგი ალექსი ალექსიშვილმა შეცვალა.


“ეს პოსტი [სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში] არ იქნება სიმბოლური. მას ექნება პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი მანდატი ეკონომიკის ყველა სფეროში სწრაფი რეფორმების გასატარებლად“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 14 დეკემბერს.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button