
წინასწარი მონაცემებით შუალედურ არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ-ო) გამოაქვეყნა 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელიც ოთხ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ცსკ-ოს ცნობით, ოთხივე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა 35%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
წინასწარი მონაცემებით, კრწანისის საარჩევო ოლქში 3 608 ხმით ლიდერობს “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” კანდიდატი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, მას 1272 ხმით მოსდევს “ლეიბორიტების” კანდიდატი იოსებ შატბერაშვილი და 691 ხმით “სახალხო ფრონტის” კანდიდატი ნოდარ ნათაძე.
დიდუბის საარჩევნო ოლქში ხმათა უმეტესობა – 5166 ხმა ხელისუფლების კანდიდატმა თეიმურაზ ჭეიშვილმა დააგროვა.
გორის საარჩევნო ოლქში კი დამაჯერებლად 30 416 ხმით ლიდერობს პარტია “ერთობის” მაჟორიტარი კანდიდატი ჯუმბერ პატიაშვილი, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი; ხოლო ზესტაფონის ოლქში ასევე ხმათა უმრავლესობა – 14 450 ხმა ხელისუფლების კანდიდატმა თეიმურაზ ცერცვაძემ დააგროვა.
“საარჩევნო კოდექსის” მიხედვით შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები 27 ოქტომბრამდე უნდა გამოცხადდეს.