skip to content
ახალი ამბები

აშშ სამხედრო სფეროში დახმარებას საქართველოს სამჯერ უზრდის

აშშ საქართველოს მიმდინარე წელს 4 ათასი ჯარისკაცის წვრთნასა და აღჭურვაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ში ერთკვირიანი ვიზიტისა და თავდაცვის მდივანთან დონალდ რამსფელდთან შეხვედრის შემდეგ თბილისში დაბრუნებულმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
 
“საუბარია სამჯერ მეტი დახმარების გაწევაზე, ვიდრე ამერიკა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეხმარებოდა. დახმარების პროგრამაში 4 ათასი ქართველი ჯარისკაცის ამერიკული სტანდარტებით გაწვრთნა და მათი შესაბამისად აღჭურვა შედის”, განაცხადა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
 
მისი თქმით, პენტაგონში გამართული შეხვედრების დროს ასევე განიხილეს აშშ-ს მხრიდან ერაყში მყოფი ქართველი სამშვიდობოებისთვის დახმარების გაწევის საკითხი.
 
“საქართველო მზად არის ერაყში გააგზავნოს დამატებითი სამშვიდობო ძალები, თუ ისინი ისეთივე პირობებში იქნებიან, როგორც ამერიკელები. საუბარია ხელფასების გაზრდაზეც“, დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
 
გიორგი ბარამიძემ კიდევ ერთხელ უარყო გავცელებული ინფორმაცია ამერიკაში საჰაერო თავდაცვის დანადგარის შეძენასთან დაკავშირებით, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება წლის ბოლომდე დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს საჰაერო-საკონტროლო სისტემის შესაქმნელად.
 
გიორგი ბარამიძე აშშ-ში 20 სექტემბერს გაემგზავრა, სადაც  შეხვედრები გამართა აშშ-ს თავდაცვის მდივანთან, სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის მოადგილეებთან, სენატორებთან.

Back to top button