
ნიუ-იორკში სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა გაიმართა
23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიის მსვლელობისას, შედგა სუუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-7 სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის, საგარეო-პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 სექტემბერს გაავრცელა.
მინისტრებმა დადებითად შეაფასეს სუუამ-ის 2004 წლის სამოქმედო პროგრამის მიმდინარეობა, კერძოდ “ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობისა” და “სუუამ-ის ანტიტერორისტული ვირტუალური ცენტრისა და სახელმწიფოთაშირისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის” პროექტების განხორციელება.
საბჭო მიესალმა კიევში 23 სექტემბერს სუუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნებას.
ხაზი გაესვა სუუამ-ის თანამშრომლობის გაღრმავების მიზანშეწონილობას ევროკავშირთან, აშშ-თან, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ევროკავშირის “ახალი სამეზობლო ინიციატივის”, “TRACECA”-სა და “INOGATE”-ის პროექტის ფარგლებში.
ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს და გადაწყდა საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მორიგი მე-8 სხდომის ბულგარეთში, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, ჩატარება.
იმავე დღეს გაიმართა სუუამ-აშშ-ის შეხვედრა, სადაც აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ელიზაბეთ ჯონსი.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს სუუამ-აშშ-ის დიალოგის მნიშვნელობა ტერორიზმისა და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის, ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობისა და სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის საქმეში.