skip to content
ახალი ამბები

პანკისში ტერორიზმის საფრთხის ნიშნები არ ჩანს






სხვა სურათების სანახავად დააკლიკეთ
გამოსახულებას
პანკისის ხეობა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ხეობაში კვლავ არსებობს “ტერორისტების საწვრთნელი ბაზები“; თუმცა 16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-საქართველოს თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში წარმატებული აღმოჩნდა პანკისის შემთხვევაში.
 
სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც 16 სექტემბერს ხეობაში იმყოფებოა, აცხადებს, რომ სიტუაცია პანკისში 2002 წლის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა და ტერორიზმის საფრთხის ნიშნები იქ ფაქტიურად აღარ ჩანს.
 
დაახლეობით, 15 კმ. სიგრძესა და 4 კმ. სიგანეზე გადაჭიმული პანკისის ხეობა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის მახლობლად მდებარეობს, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 2002 წლის დასაწყისში მოექცა, როდესაც საქართველოში იმდროინდელმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რემლერმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში უცხოელი დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ, რომელთაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ საერთაშორისო ტერორისტებთან. განცხადებას შედეგად მოჰყვა ქართული შინაგანი ჯარის ხეობაში გაგზავნა, რათა პანკისი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გაეწმინდათ.
 
ორი წლის წინ “კალაშნიკოვებითა“ და ნაღმტყორცნებით შეიარაღებული უცნობი პირები, ასევე უნომრო მანქანები პანკისის ხეობისთვის ჩვეულებრივ სურათს წარმოადგენდა, რასაც დღეს ხეობაში უკვე ვეღარ ნახავთ. საქართველოს უშიშროების სამინისტროს ცნობით, პანკისის ხეობას დაახლოებით 700 ჩეჩენი და 100 არაბი დაქირავებული მებრძოლი აფარებდა თავს.
 
შინაგანი ჯარის საგუშაგოები ჯერ კიდევ არის განლაგებული ხეობაში, თუმცა შინაგანი ჯარის რაოდენობა შემცირებულია. ამჟამად, შინაგანი ჯარის მთავარ ამოცანას ხეობაში შემომავალი და გამავალი მანქანების შემოწმება წარმოადგენს. მათი ერთ-ერთი ფუნქცია ხეობაში ახლადაშენებული ჰიდროელექტროსადგურის დაცვაა.
 
მიუხედავად სიწყნარისა, ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე ჩეჩენი ლტოლვილები, რომელიც ხეობაში 1999 წლიდან ცხოვრობენ, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ შეშინებულნი არიან. “ვშიშობთ, რომ რუსები ისევ დაიწყებენ ტერორისტების ძებნას პანკისის ხეობაში“, ამბობს ერთ–ერთი ჩეჩენი ლტოლვილი.
Back to top button