ახალი ამბები

პარლამენტში ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით დებატები გაიმართა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მემარჯვენე ოპოზიციის” მოთხოვნის საფუძველზე გაიმართა დებატები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.


კერძოდ, საუბარი შეეხებოდა “ახალი მემარჯვენეების” მიერ ხელისუფლებისათვის დასმულ 10 შეკითხვას აგვისტოს თვეში სამხრეთ ოსეთში სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებასა და შემდეგ ხელისუფლების მიერ ამ ტერიტორიებიდან ჯარის გამოყვანასთან დაკავშირებით.


შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, რომლის მოწვევისთვისაც ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობისაგან პროცედურულ წინააღმდეგობას წააწყდა, აგვისტოში განვითარებული მოვლენების დროს 17 ჯარისკაცი გარდაიცვალა. “არავის უფიქრია, რომ ამ გმირების შესახებ ინფორმაცია ვინმესთვის დაემალა”, დასძინა ოქრუაშვილმა თითოეული დაღუპული ჯარისკაცის გვარის ამოკითხვის შემდეგ.


“ახალმა მემარჯვენეებმა” ხელისუფლების ბოლო დროინდელ ნაბიჯებს ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში “წარუმატებელი” უწოდეს და პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, უშიშროების, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს.


ოპოზიციონერი დეპუტატის კობა დავითაშვილის განცხადებით, “გენერალური შტაბის უფროსის გივი იუკურიძის განთავისუფლება და შინაგანი ჯარის შსს-თვის ჩამორთმევის ფაქტები თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება შეთანხმებულად არ მოქმედებდა”.


საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ოპოზიციის “ისტერიკა” გაუმართლებელია და ყველაფერი იმ “დიდი გეგმის მიხედვით ვითარდება, რომელიც ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონის ერთიან ქართულ სივრცეში დასაბრუნებლად გააჩნია”.

მსგავსი/Related

Back to top button