ახალი ამბები

სააკაშვილი და პუტინი აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან

ქალაქ ასტანაში დსთ-ს სამიტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი გამოთქვა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის მიმართულებით სარკინოგზო მიმოსვლის აღდგენის გამო.


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სოხუმი-მოსკოვის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ჯერ კიდევ 2003 წლის 7-8 მარტს სოჭში საქართველლოს ყოფილ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის დროს გადაწყდა.


“ეს უნდა მომხდარიყო სინქრონიზებულად დევნილების დაბრუნებასთან ერთად. დევნილების დაბრუნება კი მიმდინარეობს. უკვე დაბრუნებულია 50-60 ათასი დევნილი გალის რაიონში“,  განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


ამ განცხადების საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა დასძინა, რომ აფხაზეთში დევნილების დაბრუნება ვერ ხერხდება, რადგანაც მათ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების გამო არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლები და “ფაქტიურად მონების მდგომარეობაში არიან“.


“ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები დიალოგის გზით განვიხილოთ. რუსეთს შეუძლია და უნდა შეასრულოს პოზიტიური როლი პოსტ-საბჭოთა კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ეს მის ინტერესებშიც შედის“, დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი პირისპირ ასტანაში ამ დროისთვის ხვდებიან ერთმანეთს, სადაც უკვე დეტალურად განიხილავენ საქართველო-რუსეთს შორის არსებულ პრობლემებს. 

მსგავსი/Related

Back to top button