ახალი ამბები

საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე საპირისპირო განცხადებები კეთდება

რუსეთის მიერ 14 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე საპირისპირო განცხადებები კეთდება. პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე დაგმო ეს ინციდენტი, მაშინ როცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ინფორმაცია საერთოდ უარყო.


ქართული მედიის ცნობით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა კოდორის ხეობას გადაუფრინეს. “რუსეთი შეგნებულად დგამს მსგავს ნაბიჯებს, რადგან ხასი გაუსვას იმ ფაქტს, რომ აფხაზეთის საზღვართან მდებარე, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფ კოდორის ხეობაში ვითარება არ კონტროლდება”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის სხდომაზე.


თუმცა, სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის ამირან სალუქვაძის განცხადებით, ქართულ მხარეს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი არ დაუფიქსირებია და არც რუსული ვერტმფრენები შეუმჩნევია. “ჩვენ მსგავს ინფორმაციაზე კომენტარს აღარ ვაკეთებთ. თავდაცვის სამინისტროს ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია”, განუცხადა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შალვა ლონდარიძემ “სივილ ჯორჯიას”.


თუმცა, პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ რუსეთის ვერტმფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრნენ.


“ექვსი სამხედრო ვერტმფრენი იყო. თავდაპირველად ოთხი მათგანი დაფრინავდა კოდორის ხეობის ზედა მისადგომებთან, მოგვიანებით კიდევ ორი ვერტმფრენი დაემატა მათ”, აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” კვიციანის სიტყვებზე დაყრდნობით.  


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე უარყო ეს ინფორმაცია. “რუსეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენებს საქართველოს საზღვრის გასწვრივ არ უფრენიათ. არც საქართველოს საზღვარი დაურღვევიათ”, განუცხადა რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ “ინტერფაქსს”.    


 


 

მსგავსი/Related

Back to top button