skip to content
ახალი ამბები

ვალერი არშბამ 3 ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ აფხაზეთში 3 ოქტომბერს დაგეგმილი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.


4 სექტემბერს ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით გამოსვლისას არშბამ განაცხადა, რომ იგი აღარ იბრძოლებს პრეზიდენტობისათვის. ამის მოტივად მან დარღვევებით მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია დაასახელა, იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი“.


“კანდიდატებს შორის კონკურენცია აფხაზეთის კონსტიტუციით გათვალისწინებულ კანონიერ ჩარჩოებს სცდება“, განაცხადა ვალერი არშბამ.


ცოტა ხნის წინ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) რეგისტრაციაში არ გაატარა ოპოზიციის კანდიდატი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც უარი განაცხადა ჩაებარებინა ტესტი აფხაზური ენის ცოდნაში. ცსკ-მ ასევე განაცხადა, რომ ანქვაბს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად არ უცხოვრია აფხაზეთში, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.


ამგვარად, სულ 5 კანდიდატი იყრის კენჭს 3 ოქტომბრის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში. მათ შორის არიან:


1. რაულ ხაჯიმბა, რომელიც სულ ახლახანს გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და რომელიც, სავარაუდოდ,  ყველაზე მეტ ხმებს მოიპოვებს არჩევნებში; მის კანდიდატურას ღიად ემხრობიან, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი;


2. სერგეი ბაღაფში, აფხაზეთის ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი, რომლის კანდიდატურასაც წამყვანი ოპოზიციური მოძრაობა “ამცახარა“ და “ერთიანი აფხაზეთი“ უჭერს მხარს;


3. ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა;


4. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია;


5. აფხაზეთის სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა.   


ხაჯიმბას გამარჯვების დიდი შანსები აქვს, რაც ძირითადში რუსეთის სერიოზული მხარდაჭერით არის განპირობებული. თუმცა, აფხაზეთში ოპოზიციაც საკმაოდ ძლიერია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების პროგნოზს ართულებს.


 

Back to top button