ახალი ამბები

თბილისი აჭარაში პოსტ-აბაშიძისეულ პრობლემების მოგვარებას ცდილობს







სააკაშვილი ბათუმში რჩება და დროებით სახელმწიფო
კომისიას კიდევ სამი დღე უხელმძღვანელებს.
ბათუმში აჭარის ყოფილი ლიდერის გადადგომის შედეგად გამართული ორდღიანი საზეიმო ღონისძიებების შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი დროებითი სამთავრობო კომისიის ფორმირებას შეუდგა, რომელიც რეგიონს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე უხელმძღვანელებს.
 
პრეზიდენტი სააკაშვილი ამჟამად ბათუმშია და იქ კიდევ სამი დღის განმავლობაში  დარჩება, რათა პირადად გააკონტროლოს დროებითი კომისიის მუშაობა. საქართველოს პარლამენტმა 6 მაისს აჭარაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოიღებას დაუჭირა მხარი.
 
„რამდენიმე დღის განმავლობაში მე პირადად ვუხელმძღვანელებ კომისიას, ხოლო შემდეგ მას სათავეში ჩაუდგება „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე“, – განაცხადა სააკაშვილმა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.
 
„იგი [ვარშალომიძე] ახალგაზრდაა, თუმცა კარგი ეკონომისტია, ეს სწორედ ისაა, რაც აჭარას ამჟამად სჭირდება“, – დასძინა სააკაშვილმა.
 
31 წლის ლევან ვარშალომიძე წარმოშობით აჭარიდაა. იგი იანვარში დაინიშნა შპს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელად. მანამდე კი ვარშალომიძე იურიდიულ და საფინანსო საკონსულტაციო ფირმას ხელმძღვანელობდა. 
 
პარალელურად, მწვავდება დისკუსია აჭარის სტატუსთან დაკავშირებით. დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა აჭარის ავტონომიის გაუქმება არ გაუქმებასთან დაკავშირებით აჭარაში პლებისციტის ჩატარება მოითხოვეს. წინადადების ინიციატორი პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე, ამჟამად კი ოპოზიციონერი დეპუტატი კობა დავითაშვილი იყო.
 
“აჭარელი ხალხის გადასაწყვეტია, სურთ თუ არა მათ ავტონომიის სტატუსის შენარჩუნება”, განაცხადა კობა დავითაშვილმა 6 მაისს.
 
ანალოგიური პოზიცია “მემერჯვენე ოპოზიციის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემაც დააფიქსირა.
 
თუმცა, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა და მას „უპასუხისმგებლო“ უწოდა.
 
„ამ უზარმაზარი წარმატების ფონზე [აჭარაში კრიზისის მშვიდობიანი დასრულება] უპასუხისმგებლო საუბრები აჭარის ავტონომიის გაუქმების თაობაზე პროვოკაციის ტოლფასია“, – განაცხადა ზურაბ ჟვანია ოპოზიციონერი დეპუტატების წინადადების საპასუხოდ.
 
აჭარის სტატუსის საკითხი რუსეთსაც აღელვებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც 6 მაისს თავის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს შეხვდა მოსკოვში, მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისი არ აპირებს აჭარის ავტონომიის გაუქმებას.
 
„ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას აჭარაში წესრიგის  აღდგენის თაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ აბაშიძის მხარდამჭერების დევნასა და რეპრესიებს ადგილი არ ექნებოდა და აჭარა ავტონომიის სტატუს შეინარჩუნებდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.


7 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომლითაც დეპუტატები მიესალმნენ აჭარაში კრიზისის მშვიდობიანად დასრულებას. კობა დავითაშვილის ინიციატივა, რათა განცხადებაში დაფიქსირებულიყო აჭარაში ავტონომიის შესახებ პლებისციტის ჩატარების საკითხი დეპუტატთა უმრავლესობამ არ გაიზიარა.
 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე აჭარაში ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და სტაბილურობის შენარჩუნებაა.
 
„აჭარაში უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების დონე სხვა რეგიონებთან შედარებით ძალიან მაღალია“, –  განაცხადა ჟვანიამ 7 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე. აჭარაში არსებული მდგომარეობა ერთადერთი საკითხი იყო, რომელიც მთავრობამ განიხილა.
 
„ყველა ფირმა და კომპანია აჭარაში ერთ ოჯახს – აბაშიძეებს ეკუთვნოდათ“, – დასძინა მან.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელიც ამჟამად აჭარაში იმყოფება, უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღების საკითხს უწევს კოორდინაციას.
 
„ჩვენ დიდი რაოდენობით იარაღი ამოვიღეთ ბათუმში და აჭარის სხვა რაიონებში განლაგებული საცავებიდან. ბევრმა უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებამ უკვე დაიწყო იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარება“, – განუცხადა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს 6 მაისს.
 
ამავე დროს, ქართველ დეპუტატთა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პოსტი, რომელიც 6 მაისამდე ასლან აბაშიძეს ეკავა.
 
თუმცა, აჭარის მმართველობითი სისტემის მომავალი სტრუქტურა ჯერ-ჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის. სავარაუდოდ, აჭარის ორპალატიანი პარლამენტი გაუქმდება და უზენაესი საბჭო მთავარი მმართველობითი ორგანო გახდება, ხოლო საბჭოს თავმჯდომარე – ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირი იქნება.

მსგავსი/Related

Back to top button