skip to content
ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი: აჭარის ხელისუფლება აგონიაშია

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, აჭარის ხელისუფლება აგონიაშია. “აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის რეჟიმის რღვევა უკვე  დაიწყო”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ვანო მერაბიშვილმა.


მისი თქმით, ის რომ აჭარის ხელისუფების დავალებით სპეცრაზმმა ბათუმში დღეს მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია, პირველი შემთხვევა არ ყოფილა.


“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აჭარაში დემოკრატია არ არსებობს“ – განაცხადა მერაბიშვილმა.


იგი მოუწოდებს უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ამჟამად ბათუმში იმყოფებიან, ასევე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს აცნობონ არსებული ვითარების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა სათანადოდ შეფასდეს აჭარის ხელისუფლების უკანონო ქმედებები და დაისვას მისი ლეგიტიმურობის საკითხი.


ბათუმში საპროტესტო აქციას გერთიანებული ოპოზიცია „ჩვენი აჭარის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიტპატიმრების განთავისუფლების და აჭარაში ადგილობრივი მმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დღეს მართავდნენ. მომიტინგეები სპეცრაზზმა და ადგილობრივმა პოლიციამ დაარბია.

Back to top button