ახალი ამბები

ბიზნესმენები აჭარის ლიდერს მომავალ კვირას შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბიზნესმენთა იმ ჯგუფს შეხვდა, რომლებიც 15 აპრილს ბათუმში აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.


პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენებს დეტალებზე არ უსაბრიათ და მხოლოდ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ბიზნესმენების ინიციატივას ჩაერთონ თბილისსა და ბათუმს შორის დაძაბული ვითარების განმუხტვის პროცესში. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბიზნესმენები ბათუმში ასლან აბაშიძესთან შესახვედრად 21 აპრილს გაემგზავრებიან.


“ჩვენი მისია არის მარტივი, ჩვენ ორივე მხარეს ვთავაზობთ დიალოგს, რათა ვითარების არ გამწვავდეს და შეიარაღებულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს” – განაცხადეს შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენებმა.


ბიზნესმენები მზად არიან სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით დახმარება გაუწიონ აჭარის მოსახლეობას, რისი ინიციატივითაც დღეს მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს აჭარის მოსახლეობაზე, რომელიც უმძიმეს სოციალურ პირობებში იმყოფება.


“ჩვენ მზად ვართ ამ პროგარმაში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ აქ გადამწყვეტი როლი სახელმწიფომ უნდა ითამაშოს, ეს არის მთავარი, ჩვენ კი ჩვენის მხრივ სხვადასხვა პროექტებს განვახორციელებთ აჭარაში” – განაცხადა გადამხდელთა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკო ლეკიშვილმა.


დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა გადამხდელთა კავშირის ახალი თავმჯდომარე ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც დღეს ისრაელში გაემგზავრა და სავარაუდოდ 20 აპრილს დაბრუნდება თბილისში. 


ბიზნესმენები ბათუმში ასლან აბაშიძეს 15 აპრილს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა. მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ დიალოგი აჭარის ლიდერთან დაიწყო. 


 

მსგავსი/Related

Back to top button