ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის ყოფილი და ახლანდელი მინისტრები გენერალურ პროკურატურაში დაკითხეს

გენერალური პროკურატურა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გასულ წლებში ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებისა და ვეტერინარული დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ საქმეს იძიებს. ამ მოტივით 31 მარტს გენერალურ პროკურატურაში სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი დავით შერვაშიძე დაკითხვაზე დაიბარეს, რომელიც 2001-2003 წლებში მინისტრ დავით კირვალიძის მოადგილე იყო.


გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ დავით შერვაშიძემ მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საგამოძიებო ჯგუფს აინტერესებდა ვეტერინარული დეპარტამენტის შესახებ საკითხები, რაზეც მან პასუხი გასცა და იმედოვნებს, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. 
 
30 მარტს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს და 7 საათის განმავლობაში კითხავდნენ ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთების არამიზნობრივ გადანაწილებაში ედება ბრალი. მას 250 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს ორი კვირის მანძილზე. მან უკვე გადაიხადა 50 ათასი ლარი. დაკითხვის პარალელურად ყოფილი მინისტრის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა რაიმე დოკუმენტს სამართალდამცავებმა ვერ მიაკვლიეს.


დავით კირვალიძის მეორე მოადგილე ხუტა მამალაძე კი, რომელიც უშუალოდ კურირებდა  ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებას, დააკავეს და წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. საქმე ეხება 2001-2002 წლებში ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანას და მის განაწილებას.

მსგავსი/Related

Back to top button