ახალი ამბები

პუტინი: რუსეთის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 27 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი ყველანაირად დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში.


„რუსეთი არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და მხარს დაუჭერს საკამათო საკითხების მშვიდობიან მოგვარებას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, პუტინმა განაცხადა, რომ აჭარა საქართველოს ნაწილია და ამიტომ ურთიერთობები ცენტრალურ და რეგიონალურ ხელისუფლებებს შორის ქვეყანამ თვითონ უნდა მოაგვაროს.


აფხაზეთის კონფლიქტზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება დაუშვებელია, „რაც კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის“. 


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს საქართველოსთან 2002 წელს შემოღებული სავიზო რეჟიმის მოხსნას.


„სავიზო რეჟიმი არ უკავშირდება ურთიერთობების ცუდ ან კარგ ხასიათს. იგი დაკავშირებულია ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემასთან“, – აცხადებს პუტინი.


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მოგვარება, „თუმცა სააკაშვილმა [საქართველოს პრეზიდენტი] ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ახალი ინიციატივები შემოგვთავაზა“.


პუტინი მიესალმება საქართველოს წინადადებას საზღვრების ერთობლივი გაკონტროლების შესახებ და მას პერსპექტიულს უწოდებს.


„ჩვენი ერთადერთი მიზანია თავიდან ავიცილოთ ტერორისტების მომზადება მეზობელ ქვეყნებში. თუ საქართველო ამ წინადადებას შეასრულებს, ჩვენ მზად ვართ ვიფიქროთ სავიზო რეჟიმის მოხსნაზე“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.   

მსგავსი/Related

Back to top button