skip to content
ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ დღეს საქართველოს ხელისუფლება ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი რუსეთ-საქართველოს შორის არსებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა.


მისი განცხადებით, ცოტა ხნის წინ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ჩეჩენ მებრძოლთა დიდი ჯგუფი გაანადგურა, რომელთაც ქართული ვიზები აღმოაჩნდათ.  პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ვიზების უმრავლესობა 2001-2002 წლებში იყო გაცემული, ერთ-ერთი მათგანი კი 2003 წლის აგვისტოში.


„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო კვლავ რჩება ტერორისტთა თავშესაფრად, რომლებიც პანკისის ხეობის გავლით რუსეთში გადადიან“, – განაცხადა სერგეი იასტრჟემბსკიმ 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, პანკისის ხეობის პრობლემა, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მოლაპარაკებების საგანი გახდება.


რუსეთისა და საქართველოს ლიდერთა შეხვედრა მოსკოვში 25 დეკემბერს გაიმართება. მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს განიხილავენ.


სავიზო რეჟიმზე საუბრისას ნინო ბურჯანაძე მოსკოვში განაცხადა, რომ სავიზო პრობლემა ორი ქვეყნის რეალური ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოგვარდეს.


რაც შეეხება მოკლულ ჩეჩენთა პასპორტებსა და ვიზებს, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ვიზები 2001-2002 წლებში იქნა გაცემული.


„ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი ვიზები გასულ წელიწადნახევრის განმავლობაში არ ყოფილა გაცემული“, – დასძინა ბურჯანაძემ.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრე იაკოვენკოს განცხადებით, რუსეთი მხარს უჭერს საქართველოსთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების აღდგენას და იმედოვნებს, რომ ბურჯანაძის ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ამას ხელს.

Back to top button