
მიხეილ სააკაშვილი არჩევნების ბოიკოტირებას არ დაუშვებს
(თბილისი, 6 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იმ პოლიტიკური ძალების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოდის, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ საპრეზიდენტო არჩევნებს. მისი თქმით, მათ არაფერი გამოუვათ და არჩევნები საქართველოში მაინც ჩატარდება. “იმ შემთხვევაში, თუ აჭარა და სხვა პარტიები ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს თავად დარჩებიან წაგებულები. ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ არჩევნები არ ჩატარდეს”, – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა. არჩევნების 4 იანვარს ჩატარების წინააღმდეგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე. მისი განცხადებით, არჩევნები შვიდი თვით უნდა გადაიდოს. “მე პირადად მზად ვარ შევხვდე ასლან აბაშიძეს და მოლაპარაკებები გავმართო ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ასლან აბაშიძესთან შეხვედრას გეგმავს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე. უკვე მეორე დღეა ბათუმში იმყოფებიან სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი წევრი ირინა სარიშვილი-ჭანტურია, “ტრადიციონალისტების” ლიდერი აკაკი ასათიანი და “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. თუმცა, მოლაპარაკებების დეტალები უცნობია.