
თამაზ ნადარეიშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
(თბილისი, 2 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ხელმძღვანელი თამაზ ნადარეიშვილი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ერთი ნაწილის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“იმ პირებს შორის, რომლებიც დღეს ჩემს გადადგომას მოითხოვენ არიან გარკვეული დაინტერესებული ძალები, თუმცა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ცვლილებების შეტანა, ან არჩევნების ჩატარება ამ ეტაპზე არ მოხდება, ჩვენ გვაქვს რეგლამენტი და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ახლა დამატებითი არჩევნები ლეგიტიმურობას დაგვაკარგვინებს” – განაცხადა თამაზ ნადარეიშვილმა.
უკვე მესამე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილი თამაზ ნადარეიშვილის გადადგომის მოთხოვნით საპორტესტო აქციას მართავს და მას ექს-პრეზიდენტ შევარდნაძესთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.