ახალი ამბები

შევარდნაძე მზადაა მოლარაპაკებებისთვის ულტიმატუმების გარეშე

(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელში იმყოფება, განაცხადებით მიმართა საქართველოს მოსახლეობას. პრეზიდენტის მიმართვის გადაცემაზე მიწვეული იყო ყველა ტელეკომპანია დამოუკიდებელი კომპანია “რუსთავი-2”-ის გარდა.

პრეზიდეტმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე დარღვევები იყო, ხელისუფლებას არ ეშინია ამისი აღიარების, მაგრამ პარლამენტი არჩეულია, ვისაც უნდა შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა დღეისთვის დანიშნულ პირველ სხდომაში, ხოლო ვისაც არ უნდა მოსვლა, უნდა იცოდეს, რომ სხდომა მაინც ჩატარდება.

პრეზიდენტის თქმით, სულ საპარლამენტო არჩევნებში 1 909000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმში 1 904000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შევარდნაძის თქმით, ამ ორ რიცხვს შორის განსხვავება არის ის, რაც გაყალბდა.

პრეზიდენტის თქმით, ახლა საქართველო გადადის ახალ სამართლებრივ სივრცეში, ყველა სადაო საკითხი სასამართლოებმა უნდა მოაგვარონ.

“თუ პარლამენტი ნორმალურად იმუშავებს, უნდა ვილაპარაკოთ მომდევნო ახალი საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებაზე, რომელიც ყველანაირ გაყალბებას გამორცხავს”, – განაცხადა შევარდნაძემ.

თბილისში მიმდინარე გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიციის მასობრივ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველას აქვს დედაქალაქში ჩამოსვლის უფლება, ზოგი აქ ნებით მოიყვანეს, ზოგი ძალდატანებით. “მეც შევხვედრივარ მათ, გახსოვთ, რომ ჩავედი და შევხვდი, 40 წუთი ვიყავი მათთან, ახლაც მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

იგი მიუღებლად მიიჩნევს მოწოდებებს ახალგაზრდებისადმი, სტუდენტებისადმი, რომ გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე, მოწოდებები სამსახურების მიტოვების თაობაზე და დაუმორჩილებლობის გამოცხადებაზე. “რა დროში ვცხოვრობთ, ეს ვისი სახელმწიფოა, თუ შენი სახელმწიფოა, ასეთ მოწოდებებს რატომ აკეთებთ? ასე არ შეიძლება, თუ გაქვს პროგრამა, შეკრიბე ვინც გინდა, მეც მოვალ მოვისმენ და თუ რამე საინტერესოა, ერთად გადავწყვიტოთ. დაუმორჩილებლობა არც 10 წლისწინანდელი სამოქალაქო ომის დროს არ ყოფილა. მოვუწოდებ ყველას მოვიდეს პარლამენტში და აქ ვიკამათოთ. ომის გამეორება აღარ შეიძლება”, – განაცხადა შევარდნაძემ გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერებისადმი მიმართვისას.

“მე შეიძლება ვარ დამნაშავე. დემოკრატია კარგია, მაგრამ როგორც ეტყობა, ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ დემოკრატიაა ხალხს უნდა ენდო და მეც ვენდე”,  -თქვა შევარდნაძემ.

“ყველა ახალი პარლამენტი უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე წინა პარლამენტი. 100-120 კანონპროექტი განსახილველია, იმ [ძველმა] პარლამენტმა მეტი დრო მოანდომა ჩხუბს, და არა კანონპროექტებს, არამედ ურთიერთშორის კამათს. ახლა უარი თქვან ასეთ მუშაობაზე. მე მრავალი კანონპროექტი შევიტანე. რატომ არ მიიღეს ის კანონპროექტ, რომელიც ხმების მოსყიდვას ეხებოდა? განსხვავება ხმების მოსყიდვითაა სწორედ განპირობებული”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, წინა პარლამენტისგან განსხვავებით ახალმა პარლამენტმა ყოველ კვირა უნდა იმუშაოს, შაბათ-კვირის გამოკლებით.

მსგავსი/Related

Back to top button