
დაკარგული სამოთხე
ტურისტული სეზონი აფხაზეთში “აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული ტურისტების ოდენობამ ომამდელ პერიოდს მიაღწია [1992-92 წწ. შეიარაღებული კონფლიქტი]”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრმა ასტამურ ადლეიბამ. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კონფლიქტამდე აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა წელიწადში 202 ათასს აღწევდა (ბოლო მონაცემები 1990 წლისაა). აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში, აფხაზეთს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში 40 პროცენტი ეკავა. ასტამურ ადლეიბას თქმით, გაგრასა და ბიჭვინთაში ტურისტული ობიექტები 80%-ითაა შევსებული, დამსვენებელთა გარკვეული რაოდენობა გალისა და ოჩამჩირის რაიონებშიც ავიდა. მინისტრის ინფორმაციით, გაგრაში ამ სეზონზე 45 ათას დამსვენებელზე მეტია ჩასული. ზუსტი მონაცემები მთლიანად აფხაზეთში ტურისტების ოდენობის შესახებ ცნობილი გახდება სექტემბერში, 9 თვის შედეგების შეჯამებისას. მისი თქმით, დამსვენებლები აფხაზეთში, ძირითადად, რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან და დსთ-ის სხვა ქვეყნებიდან ჩადიან. იგი აფხაზეთში ქართველ დამსვენებლებსაც ეპატიჟება, თუმცა, მისი თქმით, ეს შეუძლებელია კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებამდე. ქართული მხარე აღიარებს, რომ უსაფთხოების გარანტიების არარსებობის გამო აფხაზეთში დამსვენებლები მაინც ჩადიან, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს, აფხაზური მხარის მონაცემებს ტურისტების რაოდენობის შესახებ. “სეპარატისტული მთავრობის მონაცემები, თითქოს, აფხაზეთში წელს უკვე 160 ათასი დამსვენებელი იყო, გაზვიადებულია. შავი ზღვისპირეთი ცარიელია. ასეთი ყალბი მონაცემებით სოხუმის მთავრობას ტურისტების მიზიდვა სურს”, _ ამბობს გივი მეშველიანი, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც საბრძოლო მოქმედებებამდე სოხუმის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურისტული კომპლექსის (“კომკავშირის მე-15 ყრილობის სახელობის კომპლექსი”) ხელმძღვანელი იყო. პრაქტიკულად, აფხაზეთში ტურიზმი არალეგალურად და საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით ვითარდება. ამას ხელს უწყობს ის, რომ თბილისი აფხაზეთს ვერ აკონტროლებს, რუსული მხარე კი სოჭი-სოხუმის სარკინიგზო და ახლა უკვე საზღვაო მიმოსვლის უკანონო აღდგენითაა დაკავებული. რუსი დამსვენებლები აფხაზეთში უვიზოდ შედიან, ეს მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო ურთიერთობები მოქმედებს. ამას გარდა, თვით რუსეთის თანხმობითა და 1994 წლის შეთანხმებით, სეპარატისტული რეჟიმი ეკონომიკურ ბლოკადაშია მოქცეული. დამსვენებლები აფხაზეთში, ძირითადად, სოჭი-ადლერიდან შედიან. ფორმალური საზღვარი მდინარე ფსოუზეა. სადგურ “ვესიოლაიაზე” ადგილობივი მოხელე ტურისტის საპასპორტო მონაცემებს ინიშნავს და მას გაგრა-ათონი-სოხუმისკენ მწვანე შუქს უნთებს. “სოხუმამდე ადვილად შევედი. მხოლოდ ფსოუზე გადასვლისას ვაჩვენე პასპორტი. გვარ-სახელი ჩაიწერეს და მორჩა. არც მეგონა, რომ ასე მარტივად შეიძლებოდა აფხაზეთში შესვლა”, _ ამბობს “სივილ ჯორჯიათან” საუბარში 25 წლის ტვერელი ოლია მატვიევა. ის ოჯახთან ერთად ივლისში მოსკოვიდან მატარებლით ჩავიდა ადლერში, სოხუმამდე გზა ტაქსით განაგრძო, სადაც 4 დღე გაჩერდა და იქდან არც თუ შთამბეჭდავი მოგონებები გაჰყვა. “არანაირი გართობა, სიხალისე, ემოცია. სოხუმში ჩემთვის საოცრად მოსაწყენი სიწყნარე იყო. თითქოს ავის მოლოდინში ხარ. ამის გამო 4 დღის შემდეგ სოჭში წავედით”, _ იხსენებს ოლია. დამსვენებლები, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები არიან. მათი 95 პროცენტი 20-მდე რუსული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით ესტუმრა აფხაზეთს. დანარჩენმა კერძო მიწვევებით ისარგებლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის ტურისტული ბიზნესი სეპარატისტული ხელისუფლების პირველი პირის ვლადისლავ არძინბას ქალიშვილის მედინა არძინბას ხელშია და ის ამ სფეროს მონოპოლისტად ითვლება. ტურსააგენტოებს, ცხადია, სწორედ ქალბატონ არძინბას ტუროპერატორის მეშვეობით შეჰყავთ დამსვენებლები აფხაზეთში. სოხუმსა და სოჭს შორის ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აღდგენილი სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა რუსი დამსვენებლებისთვის აფხაზეთში შესვლას კიდევ უფრო აადვილებს. ქართული მხარის მრავალი პროტესტის მიუხედავად საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთსა და რუსეთს შორის კვლავაც მოქმედებს. “იალტაში, სადაც 2002 წელს დსთ-ის ქვეყნების ტურიზმის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა კონფერენცია გაიმართა, ჩვენს რუს კოლეგებს მოვუწოდეთ, ხელი არ შეეწყოთ სეპარატისტებისთვის. გვითხრეს, რომ რუსეთი აფხაზეთში ტურისტულ ბიზნესს არ აწარმოებს, კერძო პირების საქმიანობაში კი ჩარევის უფლება არ გვაქვსო”, _ აღნიშნავს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგი ყუფარაძე. იაფია, მაგრამ სახიფათო ივლისში რუსეთში საქართველოს საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა აფხაზეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ იქ არსებული რთული კრიმინოგენული ვითარების გამო. “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრმა Aასტამურ ადლეიბამ განაცხუდა: “აფხაზეთში ჩამოსვლა თქვენც შეგიძლიათ, თუმცა უსაფთხოების საკითხი ალბათ თქვენთვის პრობლემა იქნება [ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქართველისთვის].” რა თქმა უნდა, რუსები უფრო მშვიდად იგრძნობენ აფხაზეთში თავს, ვიდრე ქართველები, თუმცა არც რუსეთის მოქალაქეები არიან დაზღვეულნი. ქართული მხარის მონაცემებით, მარტო წელს აფხაზეთში რუსეთის ოცამდე მოქალაქე მოკლეს, რასაც სოხუმის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. ქართული პრესა იტყობინებოდა, რომ ივლისში ახალი ათონი-გუდაუთის მონაკვეთზე ყაჩაღობის ერთ-ერთი მსხვერპლი სარატოვის ოლქის გუბერნატორიც კი გახდა. უსაფთხოების გარანტიების არარსებობის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები მაინც ჩადიან აფხაზეთში დასასვენებლად. ზოგი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი რეგიონის სილამაზე და ტურისტული ინდუსტრიის სიიაფეა. “სასტუმროები, კვებასთან ერთად ერთი დღე-ღამე 12 დოლარი ჯდება,” – ამბობს ასტამურ ადლეიბა. გაგრაში “სტალინის ვილაზე” გაჩერება კი მსურველს დღე-ღამეში 25 დოლარი დაუჯდება. ნელა და მომქანცველად მოძრავი მატარებელი სოჭიდან სოხუმამდე 30 რუსული რუბლი (1,10 დოლარი) ღირს. “ეს სიიაფე იმაზე მეტყველებს, რომ ტურისტული კომპლექსები დოტაციით სუნთქავს. არ ვიცი, ვინ არის დონორი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი დაბალი თვითღირებულებით სასტუმროები თავს ვერ შეინახავენ”, _ ამბობს საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თამჯდომარის პირველი მოადგილე გიგი ყუფარაძე. რა თქმა უნდა, მომსახურება საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო საერთაშორისო საზომებსაც კი. ძველი ინფრასტრუქტურა, მეტნაკლებად, შეინარჩუნეს საბჭოთა პერიოდში რუსეთის თავდაცვის უწყებებზე (მოსკოვის სამხედრო ოლქი, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა) დაქვემდებარებულმა ტურისტულმა კომპლექსებმა. სოხუმში მათ 2 დასასვენებელი სახლი და 3 სანატორიუმი ჰქონდათ. გოგა ჩანადირი, სოსო ხაჩიძე, სივილ ჯორჯიააფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების მტკიცებით, აფხაზეთს ამ ზაფუხლს ასი ათასზე მეტი დამსვენებელი ეწვია.
აფხაზეთის სილამაზე ქართველებისთვის მიუწვდომელი რჩება. გაყინული კონფლიქტის მოგვარების უპერსპექტიობა კი საქართველოს მოსახლეობას მცირე იმედს უტოვებს, რომ უახლოეს მომავალში აფზაზეთით დატკბობის საშუალება იქნება.