skip to content
ახალი ამბები

სიკვდილით დასჯის აღდგენა მნიშვნელოვან ფასეულობებზე უარის თქმას ნიშნავს, – აცხადებს ბურჯანაძე

(თბილისი, 21 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადებას სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენას შესახებ ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებები ნიშნავს, რომ ქვეყნის მიერ აღებულ ფასეულობებზე ვაცხადებთ უარს.

“ჩვენ ისეთ ფასეულობებზე ვამბობთ უარსს, რომლითაც რამდენიმე ხნის წინ ვამაყობდით და კარგად მახსოვს ის მომენტიც, როცა თავად ედუარდ შევარდნაძე ამაყობდა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა ამ კანონის გაუქმება. გარწმუნებთ, არც კანონის გამკაცრებაა საჭირო იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი აღმოიფხვრას, საკმაოდ მკაცრი კანონი არსებობს დამნაშავეების სათანადოდ დასასჯელად, თუ ძალოვანი ორგანოები ამ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და თავის საქმეს შეასრულებენ”, – განაცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის სხდომაზე როცა სახელისუფლებო ფრაქციების წარმომადგენლები შეეცადნენ პრეზიდენტის სიტყვების განმარტებას, რომ მისი განცხადება არ ნიშნავდა მოწოდებას სიკვდილით დასჯის აღდგენის თაობაზე.

ბურჯანაძის თქმით, ყოვლად გაუმართლებელია დამნაშავეობის შესამცირებლად სიკვდილით დასჯის კანონის აღდგენა და ამას აქვს იურიდიული გამართლება.

“ხშირია სასამართლო გადაწყვეტილებების შეცდომით გამოტანა და სიკვდილით დასჯის შემთხვევაში ეს უკვე გამოუსწორებელი იქნება. დამნაშავეთა დასასჯელად კი კანონში გათავლისწინებულია სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთა, რაც სავსებით საკმარისია”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება 20 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. დღეს პარლამენტში ამ საკითხს გამოხმაურება სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლის თამაზ გიორგაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტს საკუთარ გამოსვლაში არ უგულისხმია ამ კანონის აღდგენა, რასაც ოპოზიციის მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button