ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრმა თავი აარიდა დეპუტატების მოთხოვნას ინფორმაცია მიეწოდებინა ენერგოგარიგებების თაობაზე

(თბილისი, 2 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – მიუხედავად დეპუტატების მოთხოვნისა ენერგეტიკის მინისტრს ინფორმაცია მიეწოდებინა პარლამენტისთვის რუსულ სახელმწიფო კომპანია “რუსეთის ერთიან ენერგოსისტემასთან” დადებული გარიგების თაობაზე, დავით მირცხულავა 1 აგვისტოს პარლამენტში არ მივიდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე იძულებული გახდა მისულიყო პარლამენტში. მისი თქმით, ამჟამად მთავრობა შეისწავლის რუსულ კომპანია “რუსეთის ერთიან ენერგოსისტემასა” და ამერიკულ “ეი-ი-ეს” შორის დადებულ ხელშეკრულებას. ჯორბენაძემ დეპუტატების მიერ დასმული კრიტიკული შეკითხვები უპასუხოდ დატოვა, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.

ენერგეტიკის მინისტრის მიერ პარლამენტართა მოთხოვნის იგნორირების შემდეგ პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოთხოვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დააყენოს სახელმწიფო და ენერგეტიკის მინისტრთა პასუხისმგებლობის საკითხი.

ენერგოგარიგებების საკითხის განხილვას პარლამენტი 5 აგვისტოს სხდომაზე განაგრძობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები “რუსეთის ერთიან ენერგოსისტემასთან” და “გაზპრომთან” დადებული გარიგებების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს გარიგებები რუსული კომპანიების მიერ ქართული ენერგოსისტემის მონოპოლიზაციას გამოიწვევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button