ახალი ამბები

საქართველოში “გაზპრომის” შესაძლო შემოსვლას შევარდნაძე დადებითად აფასებს

(თბილისი, 28 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს საქართველოს ბაზარზე რუსული გაზის გამანაწილებელი კომპანია “გაზპრომის” შესაძლო შემოსვლას და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ წინასწარ შეთანხმებას მოაწერა ხელი კომპანიასთან.

მისი ინფორმაციით, “გაზპრომის” საქართველოში შემოსვლის შემდეგ ქვეყანას ორი უმსხვილესი კომპანია უზრუნველყოფს ბუნებრივი აირით.

“გაზის ამჟამინდელი მომწოდებელი საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერა” საქართველოში კვლავ დარჩება, ამ კომპანიამ ბევრი გააკეთა გაზით მომარაგებასა და რუსთავის აზოტის საწარმოს მუშაობაში, სადაც 4500 კაცია დასაქმებული, მაგრამ კომპანიას საკმარისი რესურსები არ გააჩნია მთლიანად საქართველოს ბუნებრივი აირით მოსამარაგებლად, ამის გამო საჭირო გახდა სხვა კომპანიის შემოყვანა. “გაზპრომი” კი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც გაზით ევროპის ქვეყნებსაც ამარაგებს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში.

მისი თქმით, “გაზპრომის” საქართველოს ბაზარზე შემოსვლა არ შეაფერხებს “შაჰდენიზის” პროექტის განხორციელებას, რომელიც ჯერ დაპროექტების სტადიაშია და განხორციელების დროს გაზის მესამე მომწოდებელი იქნება.

პრეზიდენტის განცხადებით, ამით, შესაძლოა, ქვეყანაში ენერგოკრიზისი დაიძლოს, რომელიც თავს განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იჩენს.    

საქართველოს ხელისუფლებამ და კომპანია “გაზპრომმა” სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 1 ივლისს მოაწერეს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გაზით მომარაგებას, გაზის 2 ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციას და ბუნებრივი აირის თურქეთში შესაძლო ტრანზიტს.

მსგავსი/Related

Back to top button