ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტმა რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ იმსჯელა

(თბილისი, 20 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე პარლამენტის მიერ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ რომის სტატუტის თაობაზე იმსჯელეს, რომლის რატიფიკაციის საკითხი პარლამენტში მიმდინარე პლენარული კვირის დღის წესრიგშია შეტანილი.

მომხსენებლის, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის შოთა დოღონაძის ინფორმაციით, სტატუტის რატიფიკაციაზე დაყენების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი აშშ-საქართველოს ხელშეკრულებაც გახდა, რომლის მიხედვითაც იკრძალება მეორე სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემა მესამე მხარისთვის, მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნალებისთვისაც. რომის სტატუტის მიხედვით, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო განიხილავს მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებიც 2002 წლის 1 ივნისის შემდეგ მომხდარ მოვლენებს ეხება.

სხდომაზე გამოსვლისას აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერმა, დეპუტატმა თამაზ ნადარეიშვილმა, რომელიც თვითონაც იმყოფებოდა ჰააგის სასამართლოში, განაცხადა, რომ ამჟამად არსებობს 50-60-მდე საქმე, რომელიც ამ პერიოდში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულებს ეხება, მათ შორის აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და სხვა სახის ფაქტებს.

ნადარეიშვილის თქმით, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ როცა პარლამენტი რატიფიკაციას მოახდენს და აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით დაინიშნება პროკურორი, საქართველოში ჩამოსვლისა და საქმეების ადგილზე შესწავლის შემდეგ პროკურორი უფრო ადრინდელ საქმეებსაც გადასწვდება, რომლებიც 1992-93 წლების მოვლენებს ეხება.

თუმცა, ნადარეიშვილის თქმით, ასე რომც არ მოხდეს, ის 50-60 საქრც სრულიად საკმარისია, რომ სერიოზული გამოძიება ჩატარდეს. მაგრამ თამაზ ნადარეიშვილის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რუსი სამშვიდობოები პროკურორს ნორმალური მუშაობის საფუძველს არ მისცემენ, ხოლო რადგანაც რუსი სამშვიდობოების მანდატის ვადა მალე ამოიწურება და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, გათვალისწინებული უნდა იქნას ეს ფაქტორიც.

სხდომაზე აღინიშნა, რომ რომის სტატუტის რატიფიკაციის შემდეგ უნდა მოხდეს მისგან გამომდინარე კანონპროექტების მიღებაც, რომლებიც საქართველოს შიდა კანონდმებლობის რეგულირებას მოახდენენ ამ სტატუტის შესაბამისად. უკვე მზად არის კანონპროექტი საქართველოსა და ჰააგის სასამართლოს ურთიერთობების შესახე, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button