ახალი ამბები

საქართველოს აშშ-ს მხრიდან სანქციები ემუქრება

(თბილისი, 12 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ტრეფიკინგთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 11 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ “საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ტრეფიკინგის აღმოფხვრის საქმეში არ შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებსაც კი და ის არც ცდილობს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ამ კუთხით”.

“იმ მთავრობებს, რომლებიც არ ცდილობენ მინიმალური სტანდარტების დაცვას, ემუქრებათ პოტენციური სანქციები, რაც გამოიხატება აშშ დახმარების გარკვეული სახეობების დაკარგვაში. ამგვარი სანქციები ძალაში შევა 1 ოქტომბრიდან”, – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, საქართველო წარმოადგენს იმ წყაროს, საიდანაც ხდება ქალების გადაყვანა თურქეთში, საბერძნეთში და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ასევე მცირე ნაწილის – ისრაელში, ესპანეთში, პორტუგალიაში და აშშ-ში სექსუალური ექსპლუატაციის, საშინაო საქმიანობისა და იძულებითი მუშაობის მიზნით.

“მაშინ, როცა მთავრობა ცდილობდა გაეძლიერებინა თავისი სამართალდამცავი კოორდინაცია და შეეტანა ცვლილებები სისხლის სამართლის კანონდებლობაში, მისი მცდელობა არაორგანიზებული იყო და არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობებს უკან ჩამორჩებოდა”, – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების მიხედვით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ტრეფიკინგის თავიდან ასაცილებლად არასაკმარისია. პრეზიდენტის მიერ 2003 წელს გამოცემული “ეროვნულ მოქმედებათა გეგმა” ითვალისწინებს გარკვეულ მოქმედებებს ტრეფიკინგის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button