ახალი ამბები

მთავრობის წევრები უარყოფენ ნადარეიშვილის ბრალდებებს პრეზიდენტის რწმუნებულის მიმართ

(თბილისი, 20 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა და გენერალურმა პროკურორმა უარყვეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერის თამაზ ნადარეიშვილის ბრალდება გაეროს დამკვირვებელთა გატაცებაში კოდორის ხეობაში პრეზიდენტის წარმომადგენლის ემზარ კვიციანის თანამოწილეობის თაობაზე.

“ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ გამოძიებას არ ექნება ადგილი. ჩვენ არც კი განვიხილეთ ეს საკითხი”, – განუცხადა გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ.

“თამაზ ნადარეიშვილის განცხადების არანაირი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გაგვაჩნია”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა კახა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

“რუსთავის-2”-ის პირდაპირ ეთერში საურისას აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელმა ბრალი დასდო კვიციანს გაეროს დამკვირვებელთა და მათი თარჯიმნის გატაცებაში მონაწილეობის გამო და განაცხადა, რომ კვიციანი ნასამართლევია ძარცვისა და ხულიგნობისთვის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button