ახალი ამბები

შევარდნაძე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ახალი ეპოქის დაწყებაზე საუბრობს

(თბილისი, 10 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, რომელიც 6-7 მარტს სოჭში შედგა.

“ამ შეხვედრის მიმართ მე უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პუტინთან პირისპირ შეხვედრამ დადებითი შედეგი გამოიღო. ამით დაიწყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი”, – განაცხადა დღეს, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შეხვედრა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ეს იდეა თავად რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნოდა და განსახილველი თემა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება იყო.

“აღსანიშნავია ის, რომ ამ შეხვედრას აფხაზეთის წარმომადგენლიც ესწრებოდა, ასეთი სამმხრივი შეხვედრა პირველად შედგა. ჩვენ შევთანხმდით რკინიგზის ამოქმედებასა და დევნილების დაბრუნების საკითხების პარალელურად მოგავრებაზე. სწორედ ასე ჩაიწერა დეკლარაციაში რასაც შეხვედრის ბოლოს მოვაწერეთ ხელი”, – განაცხადა შევარდნაძემ.

მისი თქმით, დევნილების დაბრუნება და რკინიგზის გახსნა უმტკივნეულოდ ვერ განხორციელდება. “ეს ხანგრძლივი პროცესია. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს დევნილთა რაოდენობის დადგენა, აღწერა და შემდეგ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რკინიგზის ამოქმედება კი საქართველოს რეგიონებისა და რუსეთის მხრიდანაც დიდ დაინტერესებას იწვევს, რადგან ამით შესაძლებელი გახდება ეკონომიკის განვითარება”, – აღნიშნა შევარდნაძემ.

პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს. ამის განსახორციელებლად, შევარდნაძე არ გამორიცხავს, რომ შეიქმნას სამხრივი კოალიცია, რომელიც გააკონტროლებს ამ პრობლემების უმტკივნეულოდ მოგვარებას.

შევარდნაძემ ასევე დადებითად შეაფასა ენერგეტიკის დარგში დასახული გეგმები, რომლებიც ენგურჰესის, ვარდნილჰესის რეაბილიტაციას და შესაძლო ახალი სადგურის – ხუდონჰესის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ სოჭში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. შევარდნაძის თქმით, ამით საქართველოს ენერგოსისტემას 800-1000 მგვტ ელექტროენერგიის რესურსი დაემატება.

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ საკითხების მოგავრების შემდეგ შესაძლებელი გახდება ქართულ-ოსური კონფლოქტის მოგვარებაც რუსებთან ერთად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button