ახალი ამბები

გაზაფხულზე საქართველო რუსეთიდან შეიარაღებული პირების გადმოსლას ელის

(თბილისი, 28 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე უარყოფს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორის კონსტანტინ ტოცკის განცხადებას გაზაფხულზე ჩეჩენი მებრძოლების საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრის თაობაზე.

“ეს არის მცდელობა საზოგადოებრივი აზრის შექმნისა, რათა მომზადდეს ნიადაგი ჩეჩნეთიდან შეიარაღებული ჯგუფების გადმოსასვლელად, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა”. განაცხადა ვალერი ჩხეიძემ. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია გილაევისა და მისი მებრძოლების რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ. ამის შესახებ ვალერი ჩხეიძემ 28 იანვარს განაცხადა “რუსთავი-2” – ის პირდაპირ ეთერში.

იგი არ გამორიცხავს, რომ შეიარაღებული დაჯგუფებებმა გაზაფხულის დადგომასთან ერთად რუსეთის ტერიტორიიდან დაიწყონ გადმოსვლა საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ მოსკოვში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტის დროს ქართული დელეგაციის მხრიდან დაისვა საკითხი, რომ საზღვარზე შეიარაღებული პირების მოძრაობასთან დაკავშირებით თავისი წილი პასუხისმგებლობა რუსეთმაც იკისროს, რათა აღიკვეთოს ჩეჩნეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული დაჯგუფებების გადასვლა პანკისში.

Back to top button