ახალი ამბები

არასამთავრობოები და რელიგიური უმცირესობები მთავრობას დაცვას თხოვენ

(თბილისი, 27 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმართვას ამზადებენ მთავრობის სახელზე თხოვნით, რომ მიღებული იქნას ზომები რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ გლდანის მართლდამდიდებლური ეპარქიის მეთაურის ბასილ მკალავიშვილის მომხრეთა მხრიდან თავდასხმების აღსაკვეთად.

24 იანვარს მკალავიშვილის მომხრეებმა ევანგელისტთა შეკრება დაარბიეს თბილისში ბაპტისტურ ეკლესიაში.

“მკალავიშვილის მომხეთა თავდასხმების გამო პასუხისმგებლობა მთლიანად შსს-ს ეკისრება, რადგან სამართალდამცავი ორგანოები არაფერს აკეთებენ ამ ძალადობის აღსაკვეთად”, – უთხრა 27 იანვარს “სივილ ჯორჯიას” ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა სოზარ სუბელიანმა.

ორგანიზაცია “ყოფილი პილიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ლიდერმა ნანა კაკაბაძემ “სივილ ჯორჯიას” აცნობა, რომ დღეს მზად იქნება მთავრობისადმი მიმართვის  ტექსტი, რომელიც სახელმწიფო კანცელარიას მიეწოდება.

ადამიანის უფლებების დამცველმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც აშშ-ის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მკალავიშვილის მომხრეთა თავდასხმების აღკვეთისკენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button