
ახალი ამბები
საქართველოს საკითხს მაისში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სამიტზე განიხილავენ
(თბილისი, 30 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის ელჩი მოსკოვში ალექსანდრ ვერშბოუ არ გამორიცხავს, რომ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების მაისისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში შექმნილი სიტუაციის შესახებ იმსჯელონ.
რუსეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე ვერშბოუმ აღნიშნა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ამ საკითხს “მუდმივ რეჟიმში” განიხილავენ. “მე მიმაჩნია, რომ ამჟამად რუსეთის მხრიდან უკეთესი გაგება არსებობს იმ პროექტების მიმართ, რომლებსაც ჩვენ საქართველოსთან ერთად ვახორციელებთ”, – განაცხადა მან.
აშშ-ს ელჩმა მიუთითა, რომ “ამერიკის მხარე მზად არის რუსეთთან მჭიდრო კონსულტაციებისთვის ამ თემაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობები და სიურპრიზები”. მისი თქმით, ამერიკის მხარე იგივეს ელის რუსეთისგანაც.