ახალი ამბები

ა.შ.შ.-მა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა დავით თევზაძემ დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების პირველი ჯგუფი 30 აპრილს დილით თბილისში ჩამოვიდა. “ეს პროგრამა, რომლის ირგვლივაც ამდენი “ვაი-ვიში” იყო ამტყდარი, დღეს დაიწყო. დილით ჩამოვიდა პირველი ჯგუფი ჩვენი მეგობრებისა”, – განახცხადა თევზაძემ.

საქართველოს თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელმა მადლიერება გამოუთქვა ყველას, ვინც საქართველოს ეხმარება.

29 აპრილს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, 29 აპრილს აშშ-ის არმიის განსაკუთრებულ ოპერაციათა ევროპის სამმართველოდან 20 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი საქართველოში გაემგზავრა.

ეს 20 კაცი იმ სამუშაო ჯგუფის წევრები არიან, რომემაც უნდა მოამზადოს საფუძველი ამერიკელ ინსტრუქტორთა ძირითადი ჯგუფის ჩამოსასვლელად.

“ჩვენ საქართველოში მცირე ძალების გაგზავნას ვაპირებთ, რომლებიც პრეზიდენტ შევარდნაძეს არსებული სიძნელეების მოგვარებაში დაეხმარებიან, კერძოდ კი – პანკისის ხეობაში, სადაც ტერორისტები იმყოფებიან,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო კოლინ პაულმა 24 აპრილს ამერიკის სენატის კომიტეტის სხდომაზე საგარეო ოპერაციებთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტმა 12 აპრილის სესიაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი “აშშ-საქართველოს შორის “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განსახორციელებლად თანამშრომლობის თაობაზე ნოტების გაცვლის შეთანხმების” რატიფიკაციას.

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიხედვით, აშშ საქართველოს 65 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარებას გაუცევს საკუთარი ოპერატიული შესაძლებლობების ჩამოსაყალიბებლად, რათა საქართველომ თვითონ გააკონტროლოს საკუთარი საზღვრები და საპასუხო ღონისძიებები განახორციელოს ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ.

ამ პროგრამის ფარგლებში წვრთნას 2000 ქართველი ჯარისკაცი გაივლის. ამასთან, აშშ გამოყოფს აუცილებელ აღჭურვილობასაც გარდა იარაღისა. პროგრამა განხორციელდება ორ ფაზად.

პირველი ფაზა მოიცავს კრიზისის მართვის ეროვნული ორგანოს, ოპერატიული შტაბის (სახმელეთო ჯარის) და ქვეითი ბატალიონის ჩამოყალიბებასა და წვრთნას. წვრთნის მიზანი იქნება კრიზისის შემთხვევაში სასაზღვრო ქვედანაყოფებსა და უსაფრთხოების ორგანოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.

მეორე ფაზის დროს წვრნას გაივლის კრწანისისა და ვაზიანის ბაზებში დისლოცირებული ორი ქვეითი ბატალიონი, კოჯორში განლაგებული სპეციალური დანიშნულების ბატალიონი და მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის ერთი ჯგუფი.

შემდგომი სამი წლის განმავლობაში წელიწადში ორჯერ ამერიკული მხარე დახმარების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველსაყოფად  ინსპექციას და აუდიტს ჩაატარებს.

შეთანხმების მიხედვით, ქართული მხარე იღებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ეს გაწრვთნილი სამხედრო დანაყოფები თავისი საერთაშორისო ვალდებულებების წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ანტიტერორისტული დანაყოფები არ იქნება გამოყენებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში.
 
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მინისტრს დომალდ რამსფელდს თან ახლდა  მოსკოვში ვიზიტისას, განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედრო პირები მონაწილეობას არ მიიღებენ ანტიტერორისტულ ოპერაციებში არც პანკისის ხეობაში და არც საქართველოს სხვა რომელიმე რეგიონში.

მსგავსი/Related

Back to top button