ახალი ამბები

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში

(თბილისი, 30 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიწყო “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის რეალიზაცია.

“29 აპრილს 20 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი საქართველოში გაემგზავრა”, – ნათქვამია აშშ-ის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელთა, სახმელეთო ჯარების, მესაზღვრეების და უსაფრთხოების სხვა უწყებების რამდენიმე ქვედანაყოფისთვის სამხედრო სწავლებების ჩატარება.

თეორიულ მეცადინეობებთან ერთად ჩატარდება ტაქტიკური წვრთნებიც და თითოეულ ქვედანაყოფს 100 დღე დაეთმობა. ტაქტიკური წვრთნების მიზანია საქართველოს უსაფრთხოების ძალების მომზადება ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკელი ინსტრუქტორები საქართველოში ჯერ არ ჩამოსულან.

მსგავსი/Related

Back to top button