ახალი ამბები

სკოტლანდ იარდი ქართულ პოლიციას ეხმარება

ანტიტერორისტული თანამშრომლობა ფართოვდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დასავლეთის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობას აღრმავებს. ეს თანამშრომლობა სხვა სფეროებთან ერთად ანტიტერორისტულ წვრთნებსაც მოიცავს. ამ მხრივ, ქართველი სამართალდამცავები აქტიურად თანამშრომლობენ შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან.

21-დან 26 აპრილამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეტთში იმყოფება, სადაც ამ თემაზე თავის ბრიტანელ კოლეგებთან მართავს მოლაპარაკებებს. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 კაციანი ჯგუფი თვენახევრით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მათ ამერიკელი ინსტრუქტორები ანტიტერორისტულ წვრთნას უტარებენ.

ლონდონში კობა ნარჩემაშვილის ვიზიტისას შეთანხმდა საკითხი ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის დოკუმეტის ხელმოწერის შესახებ, რომელიც ანტიტერორისტულ სფეროში საქართველო-ბრიტანეთის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

“22 აპრილს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს ხელმოწერას ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ურთიერთგაგების მემორანდუმის ან ოქმის სახე ექნება”, – აღნიშნა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პაატა გომელაურმა, რომელიც მინისტრს ლონდონში ახლავს.

“არ არის გამორიცხული, რომ დოკუმენტს ხელი ამ ვიზიტის მსვლელობისას მოეწეროს”, – დასძინა პაატა გომელაურმა. მისი განცხადებით, ამ შეთანხმების მიხედვით, ბრიტანელი ინსტრუქტორები ქართული პოლიციის დანაყოფებს მოამზადებენ.

ქართველ სპეციალისტთა მომზადება მოხდება როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთშიც. გომელაურის ინფორმაციით, ეს იქნება პილოტაჟური ხასიათის, მოკლევადიანი წვრთნები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ქართველი სამართალდამცავები დიდი ბრიტანეთიდან ტექნიკური სახის დახმარებასაც მიიღებენ. გომელაურის ცნობით, ამ სახის დახმარებაზე ა.შ.შ.-სთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ანტიტერორისტული კუთხით თანამშრომლობის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა.შ.შ.-სთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობა აქვს.

იმ 24-კაციანი ჯგუფის გარდა, რომელიც ამჟამად ამერიკაში წვრთნებს გადის, “არ არის გამორიცხული, აშშ-ში 6 თვით გაიგზავნოს დამატებითი 40-კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი, რომლის წევრებსაც ინსტრუქტორებად მოამზადებენ. ისინი კი, თავის მხრივ, მომავალში თავად შეძლებენ ტრეინინგების ჩატარებას”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი.

ქართული ძალოვანი უწყებების ა.შ.შ.-სა და დიდ ბრიტანეთთან ანტიტერორისტული კუთხით თანამშრომლობა პანკისის ხეობაში შექმნილმა ვითარებამ დააჩქარა, სადაც ა.შ.შ.-ს მთავრობის მონაცემებით, “ალ-ქაიდასთან” კავშირში მყოფი ტერორისტული ჯგუფები იმყოფებიან. თუმცა, როგორც პაატა გომელაური აცხადებს, კობა ნარჩემაშვილის ვიზიტი ლონდონში არ არის დაკავშირებული პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან და ეს საკითხი ვიზიტისას არ განიხილება.

მეორე ძირითადი საკითხი, რომელიც ბრიტანეთში ნარჩემაშვილის ვიზიტის მსვლელობისას განიხილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების გატარება და ამ მხრივ, ბრიტანული გამოცდილების გაცნობაა. საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი წაყენებულ ვალდებულებებში ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ქართული პოლიციის თანამშრომლობა აშშ-სთან და განსაკუთრებით, დიდ ბრიტანეთთან ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. მისი თქმით, არის იმედი, რომ ანალოგიური სახით საქართველო დასავლეთის სხვა ქვეყნებთან, უპირველეს ყოვლისა კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთანაც ითანამშრომლებს.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button