ახალი ამბები

პრეზიდენტს არასამთავრობოების გრანტებზე კონტროლი სურს

(თბილისი, 24 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ უცხოეთიდან შემოსული გრანტები აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს.

“ძალინ ხშირად ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ უცხოელი სპონსორებისგან მიღებული გრანტები დემოკრატიული პრინციპების განვითარებას არ ხმარდება”, – აღნიშნა შევარდნაძემ.

პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს გრანტებზე კონტროლის დაწესება მოსთხოვა და მას გრანტების მინიმალური დაბეგრვა შესთავაზა. “ეს შეიძლება სულ რაღაც 0.2% იყოს”, თქვა პრეზიდენტმა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის წინადადებაზე იმუშავებს.

გასულ შემოდგომაზე ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი ქველმოქმედებაზე, გრანტებსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელსაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ამ სახის კანონი საშუალებას მისცემს მთავრობას გააკონტროლოს გრანტებით დაფინანსებული პროექტების შინაარსი და მათი განხორციელების დეტალებიც კი.

Back to top button