ახალი ამბები

შევარდნაძე და ჯერგენია მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

(თბილისი, 24 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საღამოს, 23 აპრილს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ იმ დღეს მეორე სატელეფონო საუბარი გამართა აფხაზეთის დეფაქტო პრემიერ მინისტრთან ანრი ჯერგენიასთან.

“მე მას შევთავაზე, რომ ჩვენი დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მეთაურობით სოხუმში რამდენიმე დღეში გაფრინდეს. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა, რათა მხარეებს შორის ნდობა აღდგეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჯერგენიასთან საუბრის კომენტირებისას.

პრეზიდენტის თქმით, მსგავს რთულ ვითარებაში, “როდესაც რუსეთი მოულოდნელ ნაბიჯებს დგამს, მაგალითად როგორიც იყო კოდორში ჯარის განლაგება”, მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა პრობლემის მოსაგვარებლად.

სატელეფონო საუბრის ძირითადი თემა კოდორის ხეობაში არსებული სიტუაცია იყო.

ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრს სოხუმში საქართველოს საგარეო და საგანგებო საქმეთა მინისტრები წაჰყვებიან.

მსგავსი/Related

Back to top button