
მდგომარეობა კოდორში განმუხტულია – ამბობს შევარდნაძე
(თბილისი, 22 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “დაძაბულობა კოდორის ხეობის გარშემო ამ წუთისთვის განმუხტულია, თუმცა გამორიცხული არაფერია”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს მის ტრადიციულ რადიოინტერვიუში. პრეზიდენტის თქმით, კოდორზე თავდასხმის ყოველგვარი მცდელობა აღიკვეტება. “იმ შემთხვევაში, თუ აფხაზები კოდორის ხეობაში ეთნიკური წმენდის ჩატარებას მოინდომებენ, ეს სამშვიდობო პროცესის დასასრული იქნება”, – განაცხადა შევარნდაძემ. გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კოდორის ხეობის მისადგომებთან რუსული და აფხაზური მხარების შეიარაღებულ ძალები იყო განლაგებული. 20-21 აპრილს გამართული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ორი საგანგებო სხდომა სწორედ კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებას მიეძღვნა. დღეს რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე 24 აპრილისთვის დაგეგმილ მთავრობის სხდომას სპეციალურ პროგრამას წარუდგენს, სადაც კოდორის ხეობის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიური პრობლემების გადაწყვეტის გზები იქნება ნაჩვენები.